ნასრი: „თუ მბაპე ფორმაშია, პარი სენ-ჟერმენს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია“
„არსენალისა“ და „სიტის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სამირ ნასრიმ „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავზე, კილიან მბაპეზე ისაუბრა. ფრანგმა ნახევარმცველმა კილიანი შეაქო და განაცხადა, რომ თუ ის ფორმაშია, პსჟ-ს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.
„წარსულში სხვანაირად ვფიქრობდი, მაგრამ ახლა მიმაჩნია, რომ თუ მბაპე კარგ ფორმაში იმყოფება, პარი სენ-ჟერმენს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. კილიანმა მსოფლიო ჩემპიონატი კინაღამ მარტომ მოიგო და ბაიერნის დაცვა ნამდვილად არ აშინებს. ის მაღალ დონეზე იმყოფება.
ამ წუთისთვის, მბაპე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც, როცა ბურთს ეხება, მაყურებლებში აღფრთოვანებას იწვევს და ისინი გრძნობენ, რომ შეიძლება, რაღაც განსაკუთრებული მოხდეს. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, მარსელთან მატჩში არაფერი მოხდება, როცა ბურთს შეეხება“.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ 57 ქულა აქვს და ლიგა 1-ის პირველ ადგილს იკავებს. პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა „ბაიერნთან“ გამართეს და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. ამ გუნდების საპასუხო მატჩი 9 მარტს გაიმართება.