იურგენ კლოპი
Aa
Aa

„ორი სუპერთამაში უნდა ჩავატაროთ“ - კლოპი რეალთან მატჩზე

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გერმანელმა სპეციალისტმა გასული სეზონის ფინალიც გაიხსენა, რომელშიც მისი გუნდი „სამეფო კლუბთან“ მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.

რა თქვა კლოპმა:

ფინალში გუნდებისთვის რადიკალურად განსხვავებული რამ მოხდა. სიმართლე გითხრათ, მატჩის ჩანაწერი ამ უქმეებამდე არ მინახავს და არც მქონია სურვილი, ახლა მივხვდი რატომაც - ეს ნამდვილი წამება იყო. კარგი მატჩი ჩავატარეთ და მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ გადამწყვეტი გოლი მათ გაიტანეს, ჩვენ კი ვერ შევძელით. ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ის თამაში წავაგეთ, მაგრამ ახლა გამოსწორება გვინდა.

რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, ბედნიერი ვარ, რომ მას ახლა ვითამაშებთ და არა რამდენიმე კვირის წინ. ჩვენ ორი სუპერთამაში უნდა ჩავატაროთ, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. თუ შესაძლებლობების მაქსიმუმს არ გამოვავლენთ, მაშინ შანსი არ გვექნება. მოუთმენლად ველოდები ენფილდის ატმოსფეროს. ეს ერთად უნდა შევძლოთ.

კარლო ანჩელოტი ყველაზე ჰარმონიული მწვრთნელია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. ის უბრალოდ შესანიშნავია, ჭკვიანი... ფეხბურთელებთან მისი ადამიანური ურთიერთობა და მუშაობის სტილი კი ყველა ჩვენგანისგან შედარებით, უფრო მაღალ დონეზეა. მას პატივს ვცემ და აღფრთოვანებული ვარ. მას მსოფლიო დონის გუნდი ჰყავს და შესანიშნავი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელები მოიყვანა.

 

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირება 21 თებერვალს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები