„შესვენების შემდეგ უფრო აგრესიულად ვითამაშეთ“ - შენგელია ვენეციასთან გამარჯვების შემდეგ
იტალიის თასის 1/4-ფინალში „ვირტუს ბოლონიამ“ შინ „ვენეცია“ 82:68 დაამარცხა. შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც გამარჯვებულთა რიგებში 27 წუთი ითამაშა. მის აქტივში 19 ქულა, 5 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. შენგელიამ 10-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
მატჩის შემდეგ შენგელიამ მედიასთან ისაუბრა, მის კომენტარს იტალიური Pianeta Basket-ი ავრცელებს.
თორნიკე შენგელია: „ვენეციამ“ კარგი მატჩი ჩაატარა, რაც განსაკუთრებით პირველ ნახევარზე ითქმის. შესვენების შემდეგ კარგად დავბრუნდით, უფრო აგრესიულად ვითამაშეთ, მოხსნებზე დომინაცია დავიბრუნეთ, რის შემდეგაც დომინაცია მატჩის ბოლომდე გაგრძელდა. ახლა, მოდით, ნახევარფინალზე ვიფიქროთ“.
ამრიგად, შენგელია იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქის ვინაობა რამდენიმე საათში გაირკვევა. დღეს, თბილისის დროით, 23:45-ზე, „ტორტონასა“ და „ტრენტოს“ დაპირისპირებაა ჩანიშნული და გამარჯვებული „ვირტუს ბოლონიას“ შეხვდება.