ბავშვებს დაეხმარებიან | მიქაუტაძის მაისური აუქციონზე გაიყიდება
„მეცის“ ფეხბურთელების, გიორგი მიქაუტაძის, მატიე უდოლისა და ალექსანდრე უკიჯას მაისურები აუქციონზე გაიყიდება და შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. France Bleu-ს ინფორმაციით, თანხა ადგილობრივ საქველმოქმედო ფონდს გადაერიცხება, რომელიც უმძიმეს დაავადებებთან მებრძოლ ბავშვებს ოცნებებს უსრულებს.
მიქაუტაძის „მეცმა“ ბოლო შეხვედრა „კაენის“ წინააღმდეგ გამართა და აუქციონზე სწორედ იმ მაისურებს გაიტანენ, რომლებიც გიორგისა და მის თანაგუნდელებს აღნიშნულ შეხვედრაში ეცვათ. მათ მაისურებზე თავიანთი ავტოგრაფები დატოვეს და მიმდინარე სეზონში ეს მეორე აუქციონია, რომელზეც „მეცის" ფეხბურთელთა ეკიპირება გავა. პირველიდან შემოსულმა თანხამ 6 300 ევრო შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ „მეცი“ ლიგა 1-ის საგზურისთვის იბრძვის და მეორეადგილოსან „სოშოს“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. მიქაუტაძის გუნდს მომდევნო შეხვედრა 18 თებერვალს ელის და „დიჟონს“ დაუპირისპირდება, რომელიც 21 ქულით მე-19 ადგილზეა.
მიქაუტაძეს რაც შეეხება, ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში, მან 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გიორგიმ საფრანგეთის თასზე 3 თამაში ჩაატარა და 1 გოლი და საგოლე გადაცემა გააკეთა.