მეცის თავკაცი მსაჯებს აკრიტიკებს: „მიქაუტაძის გოლი უნდა ჩაეთვალათ“
საფრანგეთის ლიგა 2-ის 23-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ საკუთარ კედლებში „კაენს“ დაუპირისპირდა და ქულები დაკარგა - 0:0. მატჩის მე-8 წუთზე, ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში გახსნა, მაგრამ გვერდითა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, რის გამოც „მეცის“ თავკაცის კრიტიკა დაიმსახურა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლაშლო ბოლონიმ საკუთარი გუნდის ასპარეზობა შეაფასა და მიქაუტაძის ეპიზოდზეც ისაუბრა: „ჩემმა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა. უამრავი სახიფათო სიტუაცია შევქმენით და შანსებიც გვქონდა. მეტოქე სოლიდურად გამოიყურებოდა, თუმცა ჩვენც არ ჩამოვრჩით.
ვფიქრობ, კარგი მატჩი გვქონდა და ეს ჩემს ფეხბურთელებს უკვე მივულოცე. რა არის საჭირო, რომ გოლი გაიტანო? როცა გუნდს გოლი გააქვს, მსაჯებმა ის უნდა ჩათვალონ და შემდეგ გადაამოწმონ. გამეორება ვნახე და შემიძლია, გითხრათ, რომ თამაშგარე მდგომარეობა არ ყოფილა“.
შეგახსენებთ, რომ „მეცი“ ლიგა 1-ის საგზურისთვის იბრძვის და მეორეადგილოსან „სოშოს“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. მიქაუტაძის გუნდს მომდევნო შეხვედრა 18 თებერვალს ელის და „დიჟონს“ დაუპირისპირდება, რომელიც 21 ქულით მე-19 ადგილზეა.