შერმადინმა 10 ქულა ჩააგდო - ტენერიფემ 70 ქულით მოიგო
გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ფიბას საკონტინენტთაშორისო თასს მასპინძლობს და მინი ტურნირის ფინალურ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა. კანარიელები ნახევარფინალში ტუნისურ კლუბს, „მონასტირს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.
„ტენერიფემ“ პირველი მეოთხედი 19 ქულით მოიგო, დიდ შესვენებაზე კი 36-ქულიანი უპირატესობით გავიდა. ესპანელები მეორე ტაიმშიც დომინირებდნენ და მე-3 პერიოდში „მონასტირზე“ 20-ით, ხოლო დასკვნით ათწუთეულში 14-ით მეტი ქულა ჩააგდეს და საბოლოოდ, „ტენერიფემ“ 70 ქულით იმარჯვა - 112:42.
♨️ Not a lot any team can do when @CB1939Canarias shoot 20/35 from 3PTS and dish out 32ast - @BasketballCL winners are through to their third Final of the #IntercontinentalCup! ♨️ pic.twitter.com/3tvcmSbBog
— FIBA Intercontinental Cup (@FIBAIC) February 10, 2023
შერმადინმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 11 წუთი და 36 წამი გაატარა. მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, გიორგიმ 10 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მაინც გაიფორმა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და სარგებლიანობის კოეფიციენტის გრაფაში 12 დააფიქსირა.
ამრიგად, „ტენერიფე“ ფინალში გავიდა, სადაც ბრაზილიურ „სან პაულუს“ დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა „რიო გრანდე ვალი ვაიპერსი“ 91:70 დაამარცხა. გადამწყვეტი შეხვედრა 12 თებერვალს გაიმართება.