საბა საზონოვი: „ხინკალი, ხარჩო, ხაჭაპური. უარს არაფერზე ვამბობ“
ქართველმა ფეხბურთელმა, საბა საზონოვმა მოსკოვის „დინამოს“ ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა და ბევრ თემაზე ისაუბრა. საზონოვმა თავისი შთაგონების წყარო დაასახელა და ქართულ სამზარეულოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
„როგორაა შესაძლებელი ქართულ სამზარეულოს იცნობდე და ფორმა მაინც შეინარჩუნო? უარს არაფერზე ვამბობ, რადგან შესანიშნავი მოსამზადებელი პროგრამა გვაქვს. ამ პროგრამის დახმარებით, შესაძლებელი იყო, ხინკალიც გეჭამა, ხარჩოც და ხაჭაპურიც. მაინც სასურველი წონა გექნებოდა.
ჩემს შთაგონების წყაროებს რაც შეეხებათ, მსოფლიო სპორტს თუ ავიღებთ, მთავარი, ვინც მოტივაციას მაძლევს, კრიშტიანუ რონალდუა. მეორე ადგილზე ზლატან იბრაჰიმოვიჩს დავაყენებ, მაგრამ არ ვიცი, იმ ასაკს მივაღწიე თუ არა, რომ მისი დასახელების უფლება მქონდეს“.
შეგახსენებთ, რომ საზონოვს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული და თურქეთთან და პორტუგალიასთან იასპარეზა. ვილი სანიოლმა იგი ეროვნულ გუნდშიც გამოიძახა და მაროკოსთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მისი დებიუტი შედგა.