კილიან მბაპე, ემილიანო მარტინესი
Aa
Aa

მარტინესი საკუთარ ჟესტზე: „მბაპესთვის არ დამიცინია, მას დიდ პატივს ვცემ“

არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა საკუთარ ჟესტზე ისაუბრა, რომელიც უცხოურმა გამოცემებმა კილიან მბაპეს დაცინვად მონათლეს. „ალბისელესტეს“ საჩემპიონო აღლუმისას, კამერებმა დააფიქსირეს მომენტი, როცა „დიბუს“ ხელში მბაპეს გამოსახულების თოჯინა ეჭირა და არგენტინელმა სწორედ ამაზე ილაპარაკა.

„არ მინდოდა, ვინმეს რამე სწყენოდა. კარიერის განმავლობაში, უამრავ ფრანგ ფეხბურთელთან მითამაშია და პრობლემა არასდროს არავისთან მქონია. შეგიძლიათ, ჟირუს ჰკითხოთ, როგორი ადამიანი ვარ. ფრანგული კულტურა და მენტალიტეტი ძალიან მომწონს. გასახდელში ჩვენს სიმღერას რაც შეეხება, მახსოვს, როცა საფრანგეთმა დაგვამარცხა, ფრანგები ნგოლო კანტეზე და მესიზე მღეროდნენ. იგივე ხდება, როცა რომელიმე გუნდი ბრაზილიას უგებს. ისინი ნეიმარზე მღერიან. კილიან მბაპეს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მას უდიდეს პატივს ვცემ და კილიანზე და ნეიმარზე თუ ვმღერით, ეს ნიშნავს, რომ ისინი ძალიან მაგარი ფეხბურთელები არიან.

საჩემპიონო აღლუმისას, ჩვენი მიმართულებით უამრავი თოჯინა ისროლეს. ერთ მომენტში, თოჯინა, რომელსაც მბაპეს სახე ჰქონდა, ჩემთან ახლოს დაეცა და იმიტომ ავიღე, რომ მისი დანახვისას გამეცინა. რამდენიმე წამით მეჭირა და გადავაგდე. სულ ეს იყო. როგორ შემეძლო, მბაპესთვის დამეცინა, როცა მან ფინალში 4 გოლი გამიტანა! ოთხი! ვიმეორებ, კილიანს უდიდეს პატივს ვცემ და ის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელია, ვინც საკუთარი თვალით მინახავს. მატჩის შემდეგ, მასთან მივედი და ვუთხარი, რომ საკუთარი თავით ეამაყა და ცხვირი არ ჩამოეშვა, რადგან შესანიშნავი თამაში ჰქონდა. კილიანი არის ბიჭი, რომელსაც უდიდესი ტალანტი აქვს და როცა მესი ფეხბურთიდან წავა, მბაპე ოქროს ბურთს ბევრჯერ მოიგებს“.

შეგახსენებთ, რომ ემილიანოს ქმედებებზე კომენტარის გაკეთება მბაპესაც სთხოვეს და მან განაცხადა, რომ ასეთ უსარგებლო საკითხებზე ფიქრის დრო და ენერგია არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰატაისპორის ფეხბურთელი მიწისძვრაზე: „მე-7 სართულიდან გადმოხტომას ვაპირებდი“
ჰატაისპორის ფეხბურთელი მიწისძვრაზე: „მე-7 სართულიდან გადმოხტომას ვაპირებდი“