„ყველაზე ცუდი მასპინძელი გუნდი მსოფლიოში“ - მიქაუტაძის ფაქტორი და MARCA-ს სტატია
MARCA გიორგი მიქაუტაძის ყოფილი გუნდის, ბელგიური „სერენის“ შესახებ სტატის აქვეყნებს. ბელგიის ჩემპიონატში „სერენს“ 2022 წლის 26 იანვრის შემდეგ საკუთარ კედლებში არ მოუგია, რაც მეტწილად იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ზაფხულში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი „მეცში“ დაბრუნდა და „სერენი“ საუკეთესო ბომბარდირის გარეშე დარჩა.
ავტორიტეტული ესპანური გამოცემის სტატიის სათაურიც ამ სტატისტიკიდან გამომდინარეობს: „ყველაზე ცუდი მასპინძელი გუნდი მსოფლიოში, რომელსაც ერთ წელზე მეტია საკუთარ სტადიონზე გამარჯვება არ მოუპოვებია“.
2020-21 და 2021-22 წლების სეზონებში მიქაუტაძემ „სერენში“ იჯარით ითამაშა, საერთო ჯამში 57 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი შეაგდო. მისი გოლებით „სერენი“ უმაღლეს ლიგაში აღზევდა, გასულ სეზონში კი მისი გოლით „სერენმა“ ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.
მიქაუტაძის „სერენიდან“ წამოსვლის შემდეგ ბელგიურმა კლუბმა ჩემპიონატში 23 მატჩი ჩაატარა და საკუთარ მოედანზე 3 ქულა არ მოუპოვებია. 24-დან 4 შეხვედრა სტუმრად მოიგო, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 16 მატჩი დათმო.