მორიგი სკანდალი იტალიაში - მილანის გაყიდვის საქმეს იძიებენ
იტალიაში კიდევ ერთი სკანდალი აგორდა. ცნობილი იტალიური გამოცემის, ANSA-ს ინფორმაციით, მილანელი პროკურორები „მილანის“ გაყიდვის საქმეს იძიებენ. „როსონერი“ Elliott Management-ის მფლობელობაში იყო და „შავ-წითლები“ RedBird Capital-მა შეიძინა.
ANSA-ს ცნობით, სპეციალური ფინანსური დეპარტამენტი, Guardia di Finanza ამოწმებს ადგილებს, სადაც გარიგება დაიხურა. იტალიელი სამართალდამცველები „მილანის“ შტაბ-ბინაში ჯერ არ შესულან, თუმცა კლუბის მფლობელობაში არსებულ სხვა ობიექტებს ესტუმრნენ.
იტალიური გამოცემის მიხედვით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც „მილანის“ აქციების მცირე ნაწილის მფლობელმა კომპანიამ, Blue Skye-მ განცხადება გააკეთა. ლუქსემბურგული კომპანიის მიხედვით, კლუბის წილის გაყიდვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი პოზიცია არ გაითვალისწინეს. ამ მომენტისთვის, ბრალდებულები არ არსებობენ, თუმცა პროკურატურა გამოძიებას თანხის არაკანონიერად მითვისებისა და გაფლანგვის საქმეზე ატარებს.
შეგახსენებთ, რომ იტალიური გრანდი 1.2 მილიარდ ევროდ გაიყიდა და RedBird Capital Partners-ი კლუბში დიდი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. Elliot-მა „როსონერიში" ინტერეს შეინარჩუნა და მის წარმომადგენელს დირექტორთა საბჭოში ადგილიც აქვს.