13 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
Aa
Aa

13 აგვისტოს სატრანსფერო ზონა

Crystalsport-ი გთავაზობთ დღევანდელ სატრანსფერო სიახლეებს.

 

***

The Times-ის ცნობით, შესაძლოა „პსჟ“-ს კილიან მბაპეს ტრანსფერი ნეიმარზე ძვირი დაუჯდეს.

პარიზელები 18 წლის ფრანგს 190 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძენენ და დამატებით ბონუსების სახით, გაცილებით მეტის გადახდა მოუწევთ, ვიდრე ეს ნეიმარის შემთხვევაში იყო.

„პსჟ“-ში გადაბარგების შემთხვევაში, მბაპეს ყოველწლიური ანაზღაურება 18 მილიონი ევრო იქნება.

როგორც ხედავთ, ნასერ ალ ხელაიფი გაჩერებას არ აპირებს და სატრანსფერო ბაზრის კიდევ ერთხელ აფეთქება სურს.

***

"ბარსელონამ" "გუანჩჟოუ ევერგრანდის" ბრაზილიელი ნახევარმცველი პაულინიო შეიძინა.

29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის ღირებულება 36.5 მილიონი ფუნტი, ანუ 40 მილიონი ევრო.

ბრაზილიელი ცენტრალური ნახევარმცველი ამ ზაფხულში კატალონიელთა მე-3 შენაძენია. შეგახსენებთ, რომ "ბარსამ" უკვე დაიმატა ჟერარდ დეულოფეუ და ნელსონ სემედო.

***

The Mirror-ის ცნობით, ლონდონის „არსენალი“ მარკოს ასენსიოს შეძენას შეეცდება.

მადრიდის „რეალის“ 21 წლის ახალგაზრდა ვარსკვლავის სანაცვლოდ, „მეთოფეები“ 72 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავენ.

ასენსიოს შეძენის სურვილს „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“ და „ბარსელონაც“ გამოთქვამენ.

როგორც ესპანური პრესა წერს, „რეალი“ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს და ასენსიო არსად არ წავა.

***

The Telegraph-ის ცნობით, ლონდონის „ტოტენჰემი“ როს ბარკლის შეძენას ცდილობს.

„დეზები“ კონკურენციას თანაქალაქელ „ჩელსის“ უწევენ. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი, 23 წლის ბარკლის სანაცვლოდ 25 მილიონ ფუნტს იხდის.

როგორც ჩანს, „ტოტენჰემი“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს გამოფხიზლდა და აპირებს, რომ საჭირო ტრანსფერები განახორციელოს.

პრესა ირწმუნება, რომ მალე ლონდონური გუნდი ამსტერდამის „აიაქსის“ კოლუმბიელ ცენტრალურ მცველს დევინსონ სანჩესს 50 მილიონ ფუნტად გაიფორმებს.

***

The Mirror-ი იუწყება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ივან პერიშიჩის შესაძენად, „ინტერს“ მესამე წინადადებით მიმართავს.

როგორც ჩანს, 2 უარის შემდეგ „მანკუნიანელები“ უკან დახევას არ აპირებენ და ხორვატი გარემარბის გადმობირება მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი.

თუ შეთანხმება შედგა, ეს „წითელი ეშმაკების“ რიგით მე-4 შენაძენი იქნება. შეგახსენებთ, რომ მოურინიოს გუნდმა უკვე დაიმატა რომელუ ლუკაკუ, ვიქტორ ლინდელიოფი და ნემანია მატიჩი.

***

The Times-ის თქმით, ლონდონის „ჩელსი“ დიეგო კოშტას დუმილის გამო ღელავს.

მოგეხსენებათ, რომ კოშტას ლონოდონური კარიერა უკვე დასრულდა. ანტონიო კონტე მასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს.

თავის მხრივ, კოშტას სურს, რომ „ატლეტიკოში“ დაბრუნდეს. ამ ყველაფერს „როხიბლანკოს“ სატრანსფერო ბანი აფერხებს. 2018 წლის იანვრამდე მადრიდელები ვერავის გაიფორმებენ.

ასეთი ვითარება კი „ჩელსის“ ხელს არ აძლევს. „არისტოკრატებს“ რაც შეიძლება მალე სურთ, რომ კოშტას ამბავი სწრაფად მოგვარდეს.

***

Daily Express-ის თქმით, „ბარსელონა“ კოუტინიოს თაობაზე „ლივერპულს“ ახალი 100 მილიონ ფუნტიანი წინადადებით მიმართავს და იმედოვნებს, რომ პასუხი დადებითი იქნება.

წინა ორი წინადადება „მერსისაიდელებმა“ დაბლოკეს, თუმცა ახლა ვითარება შეცვლილია. ბრაზილიელი ფეხბურთელი თამაშზე უარს აცხადებს და გუნდს ოფიციალურად სთხოვს, რომ ტრანსფერზე დააყენონ.

გუშინ კი, იურგენ კლოპმა თავისი პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ ფეხბურთელის გაყიდვაზე გადაწყვეტილებას ის არ იღებს. თუ გუნდი მოისურვებს, იგი ამ პოზიციას დაემორჩილება.

ორშაბათს, დიდი ალბათობით სატრანსფერო საგას წერტილი უნდა დაესვას.

***

ინგლისურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ლივერპული“ კოუტინიოს შემცვლელად იტალიელ ლორენცო ინსინიეს მოიაზრებს.

„ნაპოლის“ 26 წლის გარემარბის სანაცვლოდ, „მერსისაიდელები“ 60 მილიონ ფუნტს იხდიან.

კოუტინიოს ტრანსფერი უახლოეს 1-2 დღეში დადასტურდება და „წითლებს“ სურთ, რომ მისი შემცვლელი რაც შეიძლება მალე დაიმატონ.

ინსინიე „ნაპოლის“ ღირსებას 2012 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 167 მატჩი და 40 გოლია.

***

ესპანური Sport-ის ცნობით, უსმან დემბელე დღეს "დორტმუნდის" წარმომადგენლებს შეხვდება და თავისი გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად განუცხადებს.

ამ ინფორმაციას გერმანელთა მთავარი მწვრთნელი პეტერ ბოშიც ადასტურებს.

ფრანგ ფეხბურთელს "ბარსელონაში" გადასვლა მკაცრად აქვს გადაწყვეტილი და როგორც ჩანს, არც გერმანელებს აქვთ მისი გადარწმუნების იმედი.

პრესა ვარაუდობს, რომ დემბელეს ტრანსფერი კვირის დასაწყისში უნდა გაოფიციალურდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები