ახალ ჩვენებას მისცემს - დანი ალვეშის საქმის დეტალები
„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი, დანი ალვეში სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. ბრაზილიელი უკანახაზელი დაკავებულია და მასთან დაკავშირებით, ესპანურ პრესაში ბევრი იწერება.
Marca-ს ინფორმაციით, ალვეშმა გამომძიებლებს სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენება მისცა. თავდაპირველად, განაცხადა, რომ არ იცნობდა გოგონას, რომელიც მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, შემდეგ განაცხადა, რომ იგი ნანახი ჰყავდა, მაგრამ მათ შორის არაფერი მომხდარა, ბოლოს კი აღნიშნა, რომ ინტიმური კავშირის ინიციატორი აღნიშნული გოგონა იყო.
TV3-ის ცნობით, გამომძიებლებმა ღამის კლუბში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები ამოიღეს. მათზე ჩანს, რომ ალვეში საპირფარეშოში ზემოთ ხსენებულ გოგონასთან ერთად გადის და იქ დაახლოებით 15 წუთს ატარებს. როგორც ირკვევა, ჩანაწერების მოპოვების შემდეგ, ალვეშმა სურვილი გამოთქვა, გამოძიებას ჩვენება ხელახლა მისცეს.
შეგახსენებთ, რომ დანი ალვეშს შეიძლება 4-დან 12 წლამდე პატიმრობა მიესაჯოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბრაზილიელ ფეხბურთელს გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნობენ. პარასკევს ბრაზილიელი გირაოს გარეშე დააკავეს. მოსამართლემ ჩათვალა, რომ ალვეშს საკმარისი ფინანსური რესურსი ჰქონდა იმისთვის, რომ მიმალულიყო.