სპალეტი: “სერია ა-ს მოგების უპრეცედენტო შანსი გვაქვს“
სერია ა-ს პირველი წრე „ნაპოლიმ“ გამარჯვებით დაასრულა. „პარტენოპეიმ“ სტუმრად „სალერნიტანა“ 2:0 დი ლორენცოს და ოსიმენის გოლებით დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ლუჩიანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა.
რა თქვა სპალეტიმ?
„ასეთ მატჩებზე შეიძლება გავლენა იქონიოს სხვადასხვა ფსიქოლოგიურმა ასპექტმა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა კარგი ფეხბურთის თამაშია საჭირო. ეს ყველაფერი ტემპთან არის დაკავშირებული. პირველ ნახევარში ბევრჯერ იყო მომენტი, როდესაც მოწინააღმდეგემ კინაღამ კონტრ-შეტევაზე დაგვიჭირა. საბედნიეროდ ორი გოლი გავიტანეთ.
ფეხბურთში ვერასდროს დაისვენებ. მერეტი რომ არა, ანგარიში 2:1 გახდებოდა და ძალიან დაძაბული ბოლო წუთები გვექნებოდა. ის აუცილებლად უნდა შევაქოთ, რადგან დარტყმის მომენტს ვერ ხედავდა. როდესაც მთელი მატჩი საქმე არ გაქვს და უცებ ასეთ რეაქციას ავლენ, ეს ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიურად ყველაფრისთვის მზად ხარ.
მას გუშინ სიცხე ჰქონდა და დღევანდელი ასეთი თამაში კიდევ უფრო დასაფასებელია. „სალერნიტანამ“ კარგად ითამაშა. მეორე ტაიმში ისინი მიხვდნენ, რომ გოლის გატანა შეეძლოთ და გააქტიურდნენ, მაგრამ მერეტის ოსტატობის წყალობით გადავრჩით. ვიცით, რომ სერია ა-ს მოგების უპრეცედენტო შანსი გვაქვს. ამიტომ სათანადოდ უნდა მოვიქცეთ. თავმდაბლები და პროფესიონალები უნდა ვიყოთ.“
შეგახსენებთ, რომ 19 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 50 ქულა აქვს და სერია ა-ს დამაჯერებლად ლიდერობს. შემდეგ ტურში, „პარტენოპეი“ „რომას“ უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 29 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.