გადაწყვეტილება მიღებულია - იუვენტუსს 15 ქულა ჩამოაკლეს
იტალიის ფედერალურმა სასამართლომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ტურინის „იუვენტუსს“ 15 ქულა ჩამოაკლო. ამ ინფორმაციას რამდენიმე ცნობილი იტალიური გამოცემა ავრცელებს, რომელთა შორის Football Italia და Sky Sport Italia არიან.
აღნიშნულ ცნობებს ისეთი გავლენიანი ჟურნალისტებიც ადასტურებენ, როგორებიც ფაბრიციო რომანო და ტანკრედი პალმერი არიან. რომანოს მიხედვით, ეს საბოლოო ვერდიქტი არაა და „ბიანკონერის“ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს, მისი განმაპირობებელი მიზეზები კი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება. ქულების დაკლების გარდა, იტალიურმა სასამართლომ კლუბის ყოფილი მესვეურებიც დასაჯა. „იუვეს“ ექს-პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ და ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, მაურიციო არივაბენემ 2-2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პაველ ნედვედი 8 თვით დაისაჯა, ფაბიო პარატიჩი - 2.5 წლით, ხოლო მოქმედი დირექტორი, ფედერიკო კერუბინი - 16 თვით.
Juventus have been given a 15 point penalty from Serie A’s FIGC Prosecutors.
— Italian Football TV (@IFTVofficial) January 20, 2023
The Federal Court of Appeals has accepted the request of the FIGC prosecutors to re-open the plusvalenza case that includes Juve and other clubs.
???? via Sky Italia pic.twitter.com/bRIVbzkRhO
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, პროკურორმა ჯუზეპე ჩინემ ოფიციალურად მოითხოვა, რომ „ბებერი ქალბატონი“ დასაჯონ და მიმდინარე სეზონში ქულები ჩამოაკლონ. იგი 9 ქულის დაკლებას ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ, „იუვეს“ 15 ქულა ჩამოაკლეს.
როგორც ირკვევა, ფედერალურ სასამართლოში „იუვეს“ საქმის პროცესი ხელახლა ჩატარდება და „ბიანკონერის“ ბრალად კაპიტალური შემოსავლების გაყალბება ედება. ჯუზეპე ჩინემ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც გამოძიებამ ახალი დეტალები გამოააშკარავა. საქმე ეხება კლუბის ფინანსურ ქმედებებსა და კორონავირუსის პანდემიისას ფეხბურთელებთან დადებულ საიდუმლო შეთანხმებებს.