ნაპოლი კრემონეზესთან დამარცხდა და იტალიის თასს დაემშვიდობა
იტალიის თასის 1/8-ფინალში „ნაპოლიმ“ დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე „კრემონეზეს“ უმასპინძლა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, დამატებით დროში გოლი არ გასულა, პენალტების სერიაში „ნაპოლი“ 4:5 დამარცხდა და იტალიის თასის გათამაშებას დაემშვიდობა.
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მე-18 წუთზე შვეიცარიელმა შარლ პიკელმა გაიტანა. 33-ე წუთზე ბრაზილიელმა ჟუან ჟეზუსმა ანგარიში გაათანაბრა. 36-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ „ნაპოლი“ წინ გაიყვანა. „კრემონეზემ“ 87-ე წუთზე ფელიკს აფენა-გიანის გოლით ანგარიში გაათანაბრა - 2:2.
მე-100 წუთზე „კრემონეზე“ რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა, მსაჯმა მოედნიდან სტუმართა მცველი ლეონარდო სერნიკოლა გააძევა.
დამატებით დროში გოლი არ გასულა. რაც შეეხება პენალტების სერიას, გუნდებმა 5-5 პენალტი შეასრულეს, მხოლოდ ლობოტკამ ვერ გაიტანა და ნეაპოლური გუნდი 4:5 დამარცხდა.
ამ გამარჯვების შემდეგ „კრემონეზე“ იტალიის თასზე ასპარეზობას აგრძელებს, 1/4-ფინალში ჟოზე მოურინიოს „რომას“ შეხვდება.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას გრიპის ვირუსის გამო არ უთამაშია, თუმცა სერია ა-ს შემდეგ ტურში სტუმრად „სალერნიტანას“ წინააღმდეგ იასპარეზებს. აღნიშნული შეხვედრა 21 იანვარს გაიმართება.
„კრემონეზეს“ ქართველ ცენტრალურ მცველს, ლუკა ლოჩოშვილს არ უთამაშია, მას მცირე ტრავმა აწუხებს და „ნაპოლისთან“ მატჩი ამ მიზეზით გამოტოვა.