ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

“ნაგავსაყრელზე დავდიოდი და ფეხსაცმელს ვეძებდი“ - ოსიმენის მძიმე ბავშვობა

თანამედროვე ფეხბურთში ვიქტორ ოსიმენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. ნიგერიაში დაბადებული მოთამაშე „ნაპოლის“ ლიდერი გახლავთ და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად შესანიშნავ დუეტს ქმნის.

მოგეხსენებათ, ნიგერია მდიდარი ქვეყანა არ გახლავთ და ადგილობრივებს ფინანსურად საკმაოდ უჭირთ. გამონაკლისი არც ოსიმენის შემთხვევაა. მას საკმაოდ მძიმე ბავშვობა აქვს გამოვლილი. ამ საკითხზე 24 წლის შემტევი დიდი ხნის განმავლობაში არ საუბრობდა, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ, France Football-თან საუბრისას თავისი მძიმე ბავშვობა გაიხსენა.

ოსიმენი:

„ნიგერიის ქალაქ ლაგოსში დავიბადე. მე ყველაზე უმცროსი, მეექვსე შვილი ვარ. ძალიან გვიჭირდა. დედა წყლით სავსე ბოთლებს ჰყიდდა, რომ ჩვენ საჭმელი გვქონოდა, მაგრამ ეს საკმარისი არასდროს იყო. საჭმლის ფული ხშირად არ გვქონდა. იცით? დედა ოქტომბრის თვეში გარდაიცვალა, მაგრამ რომელი წელი იყო არ მახსოვს. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი.

დედას გარდაცვალებიდან 3 თვეში მამამ სამსახური დაკარგა და არანაირი შემოსავალი აღარ გვქონდა. ოჯახში ბევრნი ვიყავით და ყველამ რაღაცის გაკეთება გადავწყვიტეთ. სხვანაირად შიმშილით დავიხოცებოდით. ჩემი ერთ-ერთი უფროსი ძმა სპორტულ გაზეთებს ჰყიდდა, ჩემი და ფორთოხალს. მე დედას მივბაძე და წყალს ვყიდდი. ყოველდღე, გაუსაძლის სიცხეში გარეთ ვიყავით. სხვა გზა არ გვქონდა, უნდა გადავრჩენილიყავით.

საღამოობით ყველა ერთ მაგიდასთან ვიკრიბებოდით და მაგიდაზე ფულს ვდებდით. ვითვლიდით და შემდეგ ჩემი უფროსი და საყიდლებზე მიდიოდა და თვითონ ამზადებდა ჩვენთვის ვახშამს. ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გადარჩენისთვის ვიბრძოდი. ძნელია ამ ყველაფრის კლასიფიკაცია, მაგრამ თითოეულმა მოვლენამ ჩემი პიროვნება შექმნა ისეთად, როგორიც დღეს ვარ.

სადაც მე გავიზარდე, საკმაოდ ახლოს დიდი ნაგავსაყრელი იყო. მე და ჩემი მეგობრები ხშირად დავდიოდით იქ, რომ ნახმარი ჩექმები ან ბოტასები გვეპოვნა. იყო მომენტები, როდესაც ნაგავსაყრელიდან წამოღებული სხვადასხვა ფირმის ბოტასები მეცვა. მაგალითად მარჯვენა ფეხზე „ნაიკის“, მარცხენაზე „რიბოკის“. საბოლოოდ ყველაფერს მაინც ჩემი და აგვარებდა და მისი წყალობით შიმშილისგან არ ვკვდებოდით.

ლაგოსი არის ადგილი, სადაც არავინ არაფერს გპირდება. გარშემო სულ უიმედობაა. ერთადერთი ნათელი წერტილი ფეხბურთია. ეს თითქოს გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. საზიზღარი ბავშვობა მქონდა. ერთ ოჯახს ბალახი გავუთიბე და ამაში ფული უნდა გადაეხადათ, მაგრამ არ მოეწონათ და გასამრჯელო ვერ მივიღე. როდესაც მკაცრად მოვთხოვე გადახდა, ხელი მკრეს და ძირს დავეცი. მადლობა ღმერთს, რომ დღეს წარმატებული ფეხბურთელი ვარ. კარგად ვიცი იმ ყველაფრის ფასი, რაც მაქვს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას აგენტებმა გარანტიები მიიღეს“ - Il Mattino ხვიჩას ახალ კონტრაქტზე
„ხვიჩას აგენტებმა გარანტიები მიიღეს“ - Il Mattino ხვიჩას ახალ კონტრაქტზე