შენგელიას 15 ქულა - ვირტუსმა ბოლო წამებზე გაიმარჯვა
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ და „ვენეციას“ საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 79:78 გაიმარჯვა.
მასპინძლებს მთავარ გმირად სერბი მილოშ ტეოდოსიჩი მოევლინა, რომელმაც ბოლო წამებზე გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩააგდო.
რაც შეეხება შენგელიას, საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28:15 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში თოკომ 15 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მოაგროვა.
შენგელიას ანგარიშზე 10-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმოა. ამასთან, 31 წლის კალათბურთელმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო.
15 ტურის შემდეგ, „ვირტუს ბოლონია“ 12 მოგებით იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს „ოლიმპია მილანოსთან“ ერთად ლიდერობს. შენგელიას გუნდს მომდევნო მატჩი 22 იანვარს, სტუმრად „ბრინდისისთან“ ელის.