ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

IlNapolista: „კვარა-ოსიმენის წყვილი მომაკვდინებელია“

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა.

ქართველმა შემტევმა ნეაპოლურ კარიერაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა (თუ საუკეთესო არა). ხვიჩამ ტურინელთა წინააღმდეგ 4 გოლში მიიღო მონაწილეობა - 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა. ამის გარდა, მან პირველი გოლის ეპიზოდშიც ითამაშა თავისი როლი, როდესაც შჩესნის კარში აკრობატული დარტყმით სცადა გოლის გატანა და შემდეგ უკვე დამატებაზე ოსიმენმა გაიტანა.

21 წლის ფეხბურთელის საოცარი თამაში უკვე რამდენიმე დღეა რაც იტალიური მედიის განსახილველი თემაა და სხვადასხვა გავლენიანი სააგენტოები მის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ. ერთ-ერთი ბოლო სააგენტო, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერა, IlNapolista.it-ია. სტატიის ავტორი გუნდი ქართველი ფეხბურთელისა და ვიქტორ ოსიმენის როლს განიხილავს.

რა წერია სტატიაში:

შეიძლება ბევრი გასაღები იყოს იმ ამოცანის ამოსახსნელად, თუ როგორ გაანადგურა „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ და როგორ შეიქმნა სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევართან 9-ქულიანი უპირატესობა. ჩვენ შევეცდებით ამოვიცნოთ და განვმარტოთ ზოგიერთი ინტერპრეტაცია. თავდაპირველად შეგვიძლია ორ, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ მიზეზზე ვისაუბროთ, რომლებიც სხვებისგან გამოირჩევიან: პირველი, „ნაპოლი“ ძალიან ძლიერი გუნდია და დღეისთვის, სერია A-ში ალბათ ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. მეორე არის ის, რომ „ნაპოლის“ ჰყავს დე ლაურენტისი, რომელმაც საოცარი სამუშაო გასწია. გუნდს არასდროს ჰყოლია ერთდროულად ორი ისეთი ძლიერი ფეხბურთელი, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არიან. New York Times-მა მათ ტყუილად არ უწოდა ევროპაში ყველაზე დამანგრეველი დუეტი. დავამატებთ, რომ ისინი ალბათ, სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეები არიან.

„ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხა, მაგრამ სწორედ ამ ორმა გაიტანა 5 გოლიდან 3, რომელმაც „იუვენტუსის“ სამყარო გაანადგურა. სწორედ კვარას გასროლით გაიტანა ოსიმენმა მთავარი გოლი და სწორედ ნიგერიელის საგოლე გადაცემის შემდეგ გაიტანა კვარამ „ნაპოლისთვის“ მეორე გოლი. სწორედ მისი კუთხურის შემდეგ გახდა ანგარიში 3:1 და მან მისცა ოსიმენს უგემრიელესი ბურთი, რომლითაც ანგარიში 4:1 გახდა. ობიექტურად რომ ვთქვათ, კვარას მაგივრად ინსინიე და მერტენსი რომ ყოფილიყვნენ და წინ ოსიმენი გაეშვათ, ამ თამაშს 5:1-ს ვერ მოიგებდნენ.

ასეთი ძლიერი მოთამაშეების ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია. კვარა-ოსიმენის წყვილი დღეს 200 მილიონ ევროზე მეტი ღირს. შემთხვევითი არ არის, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ლიდერობის შემდეგ, „ნაპოლი“ ყოველთვის იქ ჩადიოდა, სადაც იყო ხოლმე, ამის მთავარი მიზეზი კი ერთია: ისინი არ იყვნენ საკმარისად ძლიერები. თავის დროზე, გუნდში ორი უდიდესი თავდამსხმელი თამაშობდა, ედინსონ კავანი და გონსალო იგუაინი, მაგრამ მათ ერთად თამაშის შესაძლებლობა არ ჰქონიათ. ახლა კი არიან ოსიმენი და კვარაცხელია. ისინი ჯერ კიდევ არ არიან კავანის და იგუაინის დონეზე, თუმცა ყველაფერი აქვთ, რომ მათ გვერდით დადგნენ და აჯობონ კიდეც.

ცხადია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სპალეტის ნამუშევარი ფუნდამენტურია, განსაკუთრებით ოსიმენთან მიმართებით. მან ნიგერიელი ცენტრფორვარდის ტრანსფორმაცია შეძლო. ოსიმენი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული ენერგიითა და სისწრაფით, თუმცა გუნდის მოძრაობებს ვერ კითხულობდა. დღეს კი ოსიმენი ჯადოსნურად ახერხებს ყოველთვის გაჩნდეს საჭირო დროს საჭირო ადგილას.

რაც შეეხება კვარას, ის სერია A-ს ფარგლებს გარეთ ყველაზე ციტირებადი ფეხბურთელია. მას აქვს ბუნების ძალა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც პრემიერ ლიგაშიც თავისუფლად ითამაშებს. ის საერთოდ სხვა ხარისხის სამყაროს ეკუთვნის. მას ჰქონდა შეფერხების გარკვეული პერიოდი, თუმცა აქვს ტექნიკური თვისებები, რომელსაც თამაშის მართვა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. დრიბლინგი, დარტყმა, პასი, კაცის მოტყუება... ის თითქმის არასდროს ტოვებს რაიმეზე შეშინებული კაცის შთაბეჭდილებას. ის ფეხბურთის მაღალ დონეზე სათამაშოდ დაიბადა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ დებიუტის დღიდან ხვიჩა კვარაცხელიან „პარტენოპეის“ მაისური 20 შეხვედრაში მოირგო, რომელშიც 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. კონკრეტულად სერია A-ში ხვიჩას ანგარიშზე 7 ასისტია და ამ მაჩვენებლით ის იტალიის ჩემპიონატში მეორე ფეხბურთელია. მასზე წინ მხოლოდ სტეფან მილინკოვიჩ-სავიჩია, რომელმაც 8 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

„ნაპოლის“ მომდევნო შეხვედრა 18 იანვარს, „კოპა იტალიაზე“ ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინ ვარჯიშობდა ხვიჩას გასანეიტრალებლად?“ - კვარას გოლის ანალიზი
„ვინ ვარჯიშობდა ხვიჩას გასანეიტრალებლად?“ - კვარას გოლის ანალიზი