„ვერ ხვდება, რომ 25 წლის აღარ არის“ - კანტონა რონალდუს აკრიტიკებს
ერიკ კანტონამ კრიშტიანუ რონალდუ ბოლოდროინდელი ქმედებების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი თავს იტყუებს.
„არსებობენ ორი ტიპის ვეტერანი ფეხბურთელები: პირველი, ვისაც ყველა შეხვედრაში მონაწილეობის მიღება სურს, რადგან ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ 25 წლისაა. და მეორე, რომელიც ხვდება, რომ უკვე 25 წლის აღარ არის და აქ ახალგაზრდა მოთამაშეების დასახმარებლადაა, მან იცის, რომ ყველა მატჩს ვერ ითამაშებს, მაგრამ მან იცის, რომ თავისი მომენტი ექნება.
ევროპაში ჯერ კიდევ არიან ისეთი ვეტერანები, რომლებიც გუნდში ახალგაზრდების დასახმარებლად არიან. მაგალითად, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში. იმავეს აკეთებდა გიგზი მანჩესტერში, ასევე მალდინი მილანში. რონალდუ ვერ ხვდება, რომ 25 წლის აღარ არის. ის სიტუაციას უნდა შეეგუოს და თქვას: „კარგი, მე უკვე 25 წლის აღარ ვარ, ყოველთვის ვერ ვითამაშებ, მაგრამ ახალგაზრდებს დავეხმარები და ჩემს მდგომარეობას მივიღებ“.
როდესაც ისე სწრაფად ვეღარ დარბიხარ, როგორც 30 წლის ასაკში, ეს ფაქტი უნდა მიიღო. ისევე როგორც ის, რომ ერთ დღეს ყველანი მოვკვდებით. ეს ძნელია, მაგრამ უნდა მივიღოთ. როცა დაბერდები უნდა აღიარო, რომ ეს მოხდა. შენ აღარ შეგიძლია გააკეთო ის, რასაც ადრე აკეთებდი“.