ზურიკოს ბორდომ 3 ქულა ბოლო წამებზე გაანიავა - მიქაუტაძემ გაიტანა
საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის, ლიგა 2-ის მე-19 ტურში, მოედანზე ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდი ვიხილეთ. ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ „ამიენს“ დაუპირისპირდა და ქულას დასჯერდა, გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ კი „ქუვილი რუენს“ აჯობა.
დავითაშვილმა თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მინდორზე 71-ე წუთზე გავიდა, როცა მისი გუნდი 1:0-ს იგებდა. ზურიკოს მომენტი არ ჰქონია, „ბორდომ“ კი 3 ქულა ბოლო წამებზე გაანიავა. შეხვედრის 92-ე წუთზე, „ამიენმა“ მასპინძლები დაამწუხრა და წონასწორობა აღადგინა - 1:1.
გიორგი მიქაუტაძეს რაც შეეხება, ძირითად შემადგენლობაში ისიც ვერ მოხვდა, თუმცა თავი მაინც გამოიჩინა. მისმა „მეცმა“ ზედიზედ მე-3 შეხვედრა მოიგო და მიქაუტაძემ 92-ე წუთზე, ანგარიში 2:0 გახადა. გიორგიმ მეტოქე გუნდის მეკარეს ბურთი ლამაზად გადაუგდო.
ამრიგად, 19 ტურის შემდეგ, „ბორდოს“ 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციას იკავებს. ზურიკოს გუნდის მთავარი კონკურენტი მიქაუტაძის „მეცია“. გიორგისა და კომპანიას 31 ქულა აქვთ და მე-3 ადგილზე არიან. „ბორდო“ მომდევნო შეხვედრას 28 იანვარს, „დიჟონის“ წინააღმდეგ გამართავს, „მეცი“ კი იმავე დღეს „ვალანსიენს“ გაეჯიბრება.