ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას ბენეფისი, გოლი და ასისტები - ნაპოლიმ იუვენტუსი გაანადგურა

სერია A-ს მე-18 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ უშუალო კონკურენტსა და მოსისხლე მტერს, „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა. მატჩმა გულშემატკივართა იმედები გაამართლა და ბრწყინვალე სანახაობა გვაჩუქა, რომელსაც მხოლოდ ერთი მოქმედი პირი ჰყავდა - „კვარას“ „ნაპოლი“.

შეხვედრის სტარტი ნეაპოლელების იყო და ისინი სათამაშო ინიციატივას ფლობდნენ. ლუჩანო სპალეტის ბიჭებმა ანგარიში მალევე გახსნეს. სტანისლავ ლობოტკას მიერ წამოწყებული შეტევა ხვიჩა კვარაცხელიამ კარგად გააგრძელა, შემდეგ კი „იუვეს“ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მეტოქის კარისკენ აკრობატულ ნახტომში გადაგზავნა. მისი დარტყმა ვოიცეხ შესნიმ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე პირველი ვიქტორ ოსიმენი გაჩნდა და „ნაპოლი“ დააწინაურა.

მიღებული ბურთის შემდეგ, „ბებერ ქალბატონს“ შანსი მალევე მიეცა. 21-ე წუთზე, ანხელ დი მარიამ გაისროლა, მაგრამ მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა. 39-ე წუთზე, „პარტენოპეის“ უპირატესობა 2-ბურთიანი გახდა. ოსიმენმა „ბიანკონერის“ ფეხბურთელის შეცდომით ისარგებლა, ხვიჩას გადააწოდა და ამჯერად, შესნიმ ქართველ შემტევს ვერ აჯობა. პირველ ნახევარში კიდევ ერთი გოლი ვიხილეთ, რომელიც დი მარიამ შეაგდო და ჩამორჩენა შეამცირა.

მეორე ტაიმში „ნაპოლი“ შეუჩერებელი იყო და „იუვენტუსის“ ნაქები დაცვა გაანადგურა. 55-ე წუთზე, ხვიჩამ საგოლე გადაცემა მიითვალა და მისი კუთხურის შემდეგ, რაჰმანიმ ანგარიში 3:1 გახადა.

10 წუთში, ქართველმა შემტევმა მორიგი ასისტი გაიფორმა და ელეგანტური გადაცემით ოსიმენს გაატანინა. 72-ე წუთზე, თავი ელმასმა გამოიჩინა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 5:1

ამრიგად, 18 ტურის შემდეგ, „პარტენოპეის“ 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „კვარას“ გუნდს სერია A-ში მომდევნო შეხვედრა „სალერნიტანას“ წინააღმდეგ ელის და „ნაპოლის“ მოედანზე 21 იანვარს, თბილისის დროით, 21:00-ზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები