„ძალიან დიდი ტალანტია“ - შახტარმა გოჩოლეიშვილი წარადგინა
დონეცკის „შახტარმა“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი გოჩოლეიშვილი ოფიციალურად წარადგინა. უკრაინულმა კლუბმა სოციალურ ქსელებში განცხადება გაავრცელა და საკუთარ გულშემატკივრებს ახალგაზრდა მცველის გაფორმება აუწყა.
1️⃣3️⃣ Giorgi Gocholeishvili ????⚒#Shakhtar pic.twitter.com/4r6n4N0PZj
— FC SHAKHTAR ENGLISH (@FCShakhtar_eng) January 13, 2023
„ლეგიონერების დაკარგვის შემდეგ, ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელს ვეძებდით და ბოლოს და ბოლოს ვიპოვეთ ქართველი, რომელიც ძალიან დიდი ტალანტია. ის საქართველოში თამაშობდა და ჩვენს ფეხბურთსა და სისტემას შესანიშნავად ერგება.
მას შეტევა ძალიან უყვარს და ის, რაც ვარჯიშებზე აჩვენა, ძალიან მოგვეწონა. იმედი გვაქვს, ყოველდღიურად განვითარდება და სარგებელს მოგვიტანს. პირველი, რაც მასში დავინახეთ, სისწრაფე, გამძლეობა და ბოლო პასის გაკეთების უნარი იყო. დღესდღეობით, ძალიან რთულია ასეთი ფეხბურთელების პოვნა, რომლებიც პარალელურად შახტარსაც ერგებიან. დარწმუნებული ვარ, არ შევმცდარვართ. მჯერა, ის ყოველდღიურად იმუშავებს, მაქსიმუმს გაიღებს და შანსი მიეცემა“, - განაცხადა კლუბის საფეხბურთო დირექტორმა, ლეგენდარულმა დარიო სრნამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 2020 წლის სეზონიდან თამაშობდა. საერთო ჯამში, 21 წლის ფეხბურთელმა „საბურთალოს“ შემადგენლობაში 86 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე თვიდან „შახტარის“ ფეხბურთელია, გუნდთან ერთად სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება დაიწყო.