შენგელიას 11 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ვირტუს ბოლონიამ დაძაბულ ბრძოლაში წააგო
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგის ეგიდით ზედიზედ მეორედ დამარცხდა. „ჟალგირისთან“ განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, იტალიურმა კლუბმა „ოლიმპიაკოსს“ ვერ აჯობა და საკუთარ კედლებში გამართულ შეხვედრაში დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
მატჩის სტარტი თანაბარი იყო და „ოლიმპიაკოსი“ დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გავიდა. ბერძნებმა მესამე მეოთხედიც კარგად ჩაატარეს და გადამწყვეტ პერიოდს 10-ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდნენ. „ვირტუს ბოლონიამ“ ბოლომდე იბრძოლა, წინაც გაიჭრა და ოვერტაიმთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ბოლო წამებზე წონასწორობა ვერ აღადგინა და ორი ქულით დამარცხდა - 83:85.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) January 12, 2023
La Segafredo è eroica ma dopo un finale punto a punto prevale l’Olympiacos
???? Teodosic 21, Ojeleye 13, Shengelia 11#AmoreInfinito #EveryGameMatters pic.twitter.com/UwsJr3a2Po
თორნიკე შენგელიამ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 24 წუთი და 21 წამი გაატარა. ამ დროში, ქართველმა კალათბურთელმა 11 ქულა, 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. თოკომ 6-დან 3 ორქულიანი, 1 სამიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო.
ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიას“ ევროლიგაში 8 მოგება და 11 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილს იკავებს. იტალიელებს მომდევნო მატჩი ადგილობრივ ჩემპიონატში ელით და „ვენეციას“ დაუპირისპირდება.