სპალეტის პრესკონფერენცია - „უნდა გვახსოვდეს, რომ აქ მარადონა თამაშობდა“
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და „იუვენტუსთან“ ჩანიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.
მასიმილიანო ალეგრიზე
„ვხვდები, რომ ალეგრისთვის „დამხმარე მოთამაშის“ როლის მორგება ხელსაყრელია, მაგრამ იუვენტუსში ჩემპიონები ასპარეზობენ და შეუძლებელია, ისინი ფავორიტები არ იყვნენ. კონკრეტული ინვესტიციები მაშინ იქნება გამართლებული თუ გუნდი სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ითამაშებს. არაფრისმომცემია ქუდისა და ხელოვნური წვერის ტარება და მათ უკან დამალვა. არ არსებობს მე-4 ადგილი, რომელიც იუვენტუსს დააკმაყოფილებს. ალეგრი შესანიშნავი სპეციალისტია, ის ჩემზე მაღლა იმყოფება და მისგან მხოლოდ სწავლა შემიძლია“.
რომელ გუნდს უნდა ეშინოდეს ამ მატჩის
„როცა ასეთი გუნდების ფორმები გაცვია, რთულია, შიშით ითამაშო და არავის შეეშინდება. ორივე გუნდში ძლიერი ხასიათისა და ტექნიკის მქონე ფეხბურთელები ასპარეზობენ და ორივეს მიზანი მოგება იქნება. გულშემატკივრები დიად შოუს იხილავენ. ქომაგებს თავდადებას ვპირდები და რაც აქ ვმუშაობ, ეს ყოველთვის ასეა“.
ალეგრის ტაქტიკა და იუვენტუსის სათამაშო სქემა
„ალბათ, ორი სხვადასხვა ფილოსოფიის მქონე გუნდის დაპირისპირება გველოდება. ალეგრი იდეალურად ასახავს იუვენტუსის ლოზუნგს, რომლის მიხედვითაც, ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება და 3 ქულის აღებაა. ნეაპოლში ფეხბურთი სხვანაირად გვესმის და ამ სპორტის სულზე და გულზე ვართ ორიენტირებული. აქ მარადონა თამაშობდა და მან გვაჩვენა, რომ გამარჯვებასთან ერთად, ლამაზი ფეხბურთიც მნიშვნელოვანია. ჩვენ ეს ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ და გვახსოვდეს, რომ ესაა ქალაქი, სადაც მარადონა ასპარეზობდა და იმარჯვებდა“.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ დაუხვდება, რომელსაც ზედიზედ 8 მოგება აქვს. შეხვედრა საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.