მესის კანალიზაციის ვირთხა უწოდეს - ბარსელონას ყოფილი ხელმძღვანელების მიმოწერა
კატალონიელი სამართალდამცველები „ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტის, ხოსეპ ბარტომეუსა და მისი დამხმარეების საქმეზე გამოძიებას აწარმოებენ. მათ ბრალად კორუფცია და არაკეთილსინდისიერი ადმინისტრირება ედებათ და ახლახან, ესპანურ პრესაში სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა.
El Periodico-ს ცნობით, არის ეჭვი, რომ ბარტომეუმ, კლუბის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ოსკარ გრაუმ და იურიდიული განყოფილების დირექტორმა, რომან გომეს პონტიმ „ბარსელონას“ ფეხბურთელთა კონტრაქტების დეტალები პრესაში განზრახ გაავრცელეს. El Periodico აქვეყნებს ელექტრონულ წერილს, რომელიც პონტიმ ბარტომეუს გაუგზავნა და მასში ნათქვამია, რომ სახელფასო ბიუჯეტის შესამცირებლად „რადიკალური ზომების“ მიღებაა საჭირო. ამასთან, პონტი ამბობს, რომ ცუდი არ იქნებოდა, მილიონიანი კონტრაქტების გასაჯაროება, რათა ფეხბურთელებს მათზე უარის თქმა გაადვილებოდათ.
El Periodico-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილია კიდევ ერთი წერილის შინაარსი, რომელიც პონტიმ ბარტომეუს გაუგზავნა და მასში ლიონელ მესის შეურაცხყოფას აყენებს: „ბარტო, არ შეიძლება, ამ კანალიზაციის ვირთხას ასე კარგად ვექცეოდეთ. კლუბმა მას ყველაფერი მისცა, მან კი ტრანსფერებზე, ხელშეკრულებების გახანგრძლივებაზე, სპონსორებზე და სხვა საკითხებზე დიქტატურა დაამყარა. რაც მთავარია, ჰორმონებით სავსე ჯუჯისგან, რომელიც ბარსელონას უნდა უმადლოდეს, რომ ცოცხალია, მივიღეთ შანტაჟი და უხეშობა, რომელთა გამოც, კლუბი და მისი მომსახურე პერსონალი დაზარალდა. მიუხედავად ამისა, როცა ყველაფერი ცუდისკენ წავიდა, მისგან ასეთი მესიჯი წამოვიდა: „პრეზიდენტო, შეუმცირეთ ფეხბურთელებს ხელფასები, მაგრამ მე და ლუისს (სუარესი) არ შეგვეხოთ“.
მოგვიანებით, ბარტომეუმ პირად საუბარში განაცხადა: „ლეოს ბევრჯერ მოვუსმინეთ და პანდემია რომ არა, მისი კონტრაქტი აბსოლუტურად მისაღები იქნებოდა. მესის ანაზღაურება სახელფასო ბიუჯეტის 15 პროცენტს შეადგენდა და ეს სამართლიანია იმის გათვალისწინებით თუ ლეო გუნდისთვის რას აკეთებს“.
სხვათა შორის, პრესაში პონტის ის წერილიც გავრცელდა, რომელიც მან „ბაიერნთან“ განცდილი ფიასკოს შემდეგ, ბარტომეუს გაუგზავნა და ხერარდ პიკესთან მიმართებით აცხადებს, რომ კლუბს ცვლილებები ყველა დონეზე სჭირდება.