„სანამ არ ითამაშებს, ვერ გავიგებთ როგორი ფეხბურთელია“ - შახტარის მწვრთნელი გოჩოლეიშვილზე
დონეცკის „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ქართველი ახალწვეულის, გიორგი გოჩოლეიშვილის შესახებ ისაუბრა.
რას ამბობს იგორ იოვიჩევიში:
გაამართლებს თუ არა გოჩოლეიშვილის ტრანსფერი, ამას დრო გვიჩვენებს. როცა მის თვისებებს დავაკვირდით, მივხვდით, რომ მას ჩვენთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. ის არის სწრაფი, ძლიერი, აგრესიული, აქვს სპეციფიური ფინიში, შეუძლია დარტყმა როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფეხით, შეუძლია გოლების გატანაც.
საქართველოს ჩემპიონატიდან შედარებით მაღალი დონის ლიგაში გადასვლის შემდეგ, ახლა მისი ზრდა თავიდან ბოლომდე მასზე იქნება დამოკიდებული. ვნახოთ, როგორ უპასუხებს კონკურენციას, მის წინ მდგარ მეტოქეს. ძალიან საინტერესო იქნება.
ის ვერ ჩაითვლება გაძლიერებად, სანამ უკრაინის ჩემპიონატში საფეხბურთო მოედანზე არ ვიხილავთ. ამ დროისთვის, ის მხოლოდ ახალბედაა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 2020 წლის სეზონიდან თამაშობს. საერთო ჯამში, 21 წლის ფეხბურთელმა „საბურთალოს“ შემადგენლობაში 86 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.