მდგომარეობა კრიტიკულია - პელეს ოჯახის წევრები გამოსამშვიდობებლად იკრიბებიან
ლეგენდარული პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. 82 წლის ბრაზილიელი კვლავ ჰოსპიტალში იმყოფება და ბოლო ცნობებით, მისი ჯანმრთელობა კრიტიკულად ფასდება.
ბრაზილიური მედიის ცნობით, პელეს ოჯახის წევრებმა სხვადასხვა ქალაქებიდან შეკრება დაიწყეს, რათა მასთან გამომშვიდობება შეძლონ.
პელე 20 დღეზე მეტია სპეციალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მას შემდეგ, რაც გავრცელდა, რომ მას მსხვილი ნაწლავის სიმსივნე აქვს. დაავადება პროგრესირებს და ამას ზემოდან თირკმლებისა და გულის დისფუნქციაც დაემატა.
პელეს ერთ-ერთმა ქალიშვილმა განაცხადა, რომ საშობაო არდადეგებზე მამა აუცილებლად საავადმყოფოში იქნებოდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ის ვეღარ ლაპარაკობს და დელიკატური სიტუაციის გამო უკვე დაწყებულია მსჯელობა, როგორი უნდა იყოს ეროვნული გამომშვიდობება ბრაზილიაში.
იგეგმება, რომ ჯერ ოჯახის წევრები გამოემშვიდობებიან, შემდეგ კი სანტოსის სტადიონი ყველასათვის ღია იქნება, სადაც ლეგენდას პატივს მიაგებენ.