მორაგბემ შავკანიან თანაგუნდელს გაფუჭებული ბანანი აჩუქა - საშინელი ფაქტი იტალიაში
Aa
Aa

მორაგბემ შავკანიან თანაგუნდელს გაფუჭებული ბანანი აჩუქა - საშინელი ფაქტი იტალიაში

იტალიური სარაგბო კლუბი, „ბენეტონ ტრევიზო“ სერიოზულ სკანდალში გაეხვია. ამის მიზეზი რასიზმის საშინელი ფაქტი გახდა, რომლის მსხვერპლიც იტალიის ნაკრების წევრი, ჩერიფ ტრაორე აღმოჩნდა. ეს უკანასკნელი თანაგუნდელებთან ერთად, Secret Santa-ს თამაშობდა და საშინელი „საჩუქარი“ მიიღო.

მომხდარის შესახებ ტრაორემ თავად განაცხადა და სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „შობა ახლოვდება და გუნდში არსებული ტრადიციის მიხედვით, Secret Santa-ს დრო დგება. ეს მეგობრული და მხიარული მომენტია, როცა თანაგუნდელებს საჩუქრებს ანონიმურად ჩუქნი. გუშინ, ჩემი ჯერი იყო და ჩემს საჩუქარში გაფუჭებული ბანანი ვიპოვე. შეურაცხმყოფელი ჟესტის გარდა, გამანადგურა იმან, რომ ჩემი თანაგუნდელების უმრავლესობა ამ საჩუქრის გამო იცინოდა და ისე იქცეოდა, თითქოს ნორმალური იყო, რაც მოხდა. ვცდილობ, მამაცი ვიყო, რათა არ შემზიზღდეს ადამიანები, რომლებიც ჩემთან ახლოს იმყოფებიან. მადლობა ღმერთს, ჩემი გუნდის ლეგიონერებმა მხარდაჭერა გამომიცხადეს და ჩემს გვერდით იყვნენ. გადავწყვიტე, ხმა ამომეღო და დავრწმუნებულიყავი, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა“.

მომხდარის შემდეგ, „ბენეტონმა“ ორი განცხადება გამოაქვეყნა, რომლებშიც გამოძიების დაწყების ან საშინელი ჟესტის ავტორის დასჯის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი. ამის გამო, კლუბს უდიდესი კრიტიკა დაატყდა და მესამე განცხადების გავრცელება და ზომების მიღება მოუწია. იტალიურმა კლუბმა დამნაშავე სპორტულ აქტივობას გაურკვეველი ვადით ჩამოაშორა და საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე, გამოძიების შედეგებს დაელოდება.

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, ტრაორეს მიმართვა გავრცელდა, რომელშიც მან განაცხადა, რომ ზემოთ ხსენებული ჟესტის ავტორს შეხვდა და მისგან ბოდიში მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორდალასი: „ბევრმა გამაკრიტიკა, როცა მამარდაშვილი ვათამაშე“
ბორდალასი: „ბევრმა გამაკრიტიკა, როცა მამარდაშვილი ვათამაშე“