ისრაელის სამხედრო ძალებმა 23 წლის პალესტინელი ფეხბურთელი მოკლეს
ისრაელის სამხედრო ძალებმა 23 წლის პალესტინელი ფეხბურთელი მოკლეს. გუშინ ღამით, მათ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქში, ნაბლუსში რეიდი განახორციელეს, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა და ერთ-ერთი დაღუპული აჰმად ატეფ დარაღამა იყო.
„სევდიანი დღე პალესტინური სპორტისთვის. პალესტინელი ვარსკვლავის ოცნებები და იმედები რასისტულმა და ფაშისტურმა ოკუპაციამ იმსხვერპლა“, - განაცხადა პალესტინელი ფეხბურთელის მეგობარმა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტში.
დარაღამა შემტევი ნახევარმცველი იყო და პალესტინის პირველ დივიზიონში მოთამაშე კლუბში, „თაქაფი ტულკარმში“ ასპარეზობდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი შეტაკებისას გარდაიცვალა, რომელიც პალესტინელებსა და ისრაელის სამხედრო ძალებს შორის მოხდა. 23 წლის ფეხბურთელი თავისი კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ.
ისრაელის სამხედრო ძალების წარმომადგენლების მიხედვით, პალესტინელებმა მათი მისამართით ფეთქებადი საშუალებები ისროლეს და ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც იძულებული გახდნენ, მათთვის პასუხი გაეცათ. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, პალესტინის პრემიერ მინისტრმა, მოჰამად შტაიემ ფიფას მოუწოდა, ისრაელის სამხედრო ძალის ქმედებები დაეგმო.