„დაწერილია! ჩემპიონები გავხდებით!“ - დი მარიას სიტყვები ფინალურ მატჩამდე
არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ანხელ დი მარიას მეუღლემ ხორხელინა კარდოსომ სოციალურ ქსელებში „ალბისელესტეს“ შემტევის წერილები გამოაქვეყნა. დი მარიამ კარდოსოს მუნდიალის ფინალამდე მისწერა და უთხრა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.
„მსოფლიო ჩემპიონი გავხდები. სიყვარულო, ეს დაწერილია. გოლსაც გავიტან, რადგან ეს დაწერილია, ისე როგორც მარაკანაზე და უემბლიზე იყო. შეგიძლია, ხვალინდელი დღით ისიამოვნო, რადგან მსოფლიო ჩემპიონები ვიქნებით. წარმატებას მივაღწევთ, რადგან აქ მყოფი 26-ვე ფეხბურთელი ერთი დიდი ოჯახი ვართ და ჩემპიონობას თითოეული ჩვენგანი იმსახურებს“.
შეგახსენებთ, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი პენალტების სერიაში გახდა, დი მარიამ კი მოედანზე 64 წუთი გაატარა. „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა პენალტი მოიპოვა და თავისი პროგნოზი გაამართლა, როცა 36-ე წუთზე, უგო ლორისის კარი აიღო.