„ხვიჩას და კიმის დუეტი ევერტონში გვსურდა“ - ინგლისური კლუბის ექს-სკაუტი
„ევერტონის“ ყოფილმა სკაუტმა, იტალიელმა კარლო ჯაკომუზიმ რადიო CRC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ გასულ წლებში ინგლისურ კლუბს კიმ მინ-ჯესა და ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება სურდა. მისი თქმით, ამ წყვილის ხილვა „გუდისონ პარკზე“ შესაძლებელი იყო.
ჯაკომუზი არ ასახელებს, თუ რატომ არ შედგა ტრანსფერები, თუმცა ლივერპულულ კლუბს მათი დამატების დიდი სურვილი ჰქონდათ.
„როცა „ევერტონში“ ვმუშაობდი, 4 წლის წინ, კიმის შეძენა გვსურდა, შემდეგ პრობლემები წარმოიშვა და ტრანსფერი არ შედგა. მასთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაც შეფასდა. მათ დეტალურად ვაკვირდებოდით“.
ასევე საინტერესოა, რომ ჯაკომუზი კიმისა კვარაცხელიას ტრანსფერებს ეკონომიკურ შედევრებს უწოდებს. მისი აზრით, კლუბის სკაუტებმა კარგად იმუშავეს.
გასულ ზაფხულში, „ნაპოლიმ“ კიმის €18,5-მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა, კორეელი „ფენერბახჩედან“ შეიძინა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს, მის სანაცვლოდ ნეაპოლურმა კლუბმა 10-12 მილიონი ევრო გაიღო.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. „ლივერპულთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ სერია ა-ს ბოლო სამ ტურში არ უთამაშია.