კატარი, თალიბანი
Aa
Aa

სკანდალი - თალიბანმა კატარში სტადიონების მშენებლობით მილიონები იშოვა

ავტორიტეტული გამოცემა The Telegraph სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ ავღანურმა დაჯგუფებამ „თალიბანმა“ კატარში სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით მილიონები გამოიმუშავა. ტექნიკა კი სტადიონის აშენებას მოხმარდა.

წყაროს ცნობით, „თალიბანის“ მაღალჩინოსნებმა სამშვიდობო მოლაპარაკებებით და მაღალი ხელფასების გაცემით გასული ათწლეულის განმავლობაში არაერთი მძიმე ტექნიკა შეიძინეს. დასაქმებულებს კი ქვეკონტრაქტზე ამუშავებდნენ.

2013 წელს, დოჰაში „თალიბანის“ ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი დასახლდა. მას შემდეგ კი აშშ-სთან და გაეროსთან გრძელვადიან სამშვიდობო მოლაპარაკებებს მართავდა.

The Telegraph ანონიმური წყაროს წერილს აქვეყნებს, რომელიც 2021 წლამდე დოჰაში ცხოვრობდა.

„“თალიბებმა“ დიდი ინვესტიცია ჩადეს მსოფლიო ჩემპიონატის ინფრასტრუქტურის მოწყობაში. ეს ტურნირი მათთვის „ოქროს იხვი“ გამოდგა. მათ მილიონები გადაუხადეს. „თალიბანის“ წევრებს თვეში 10 000 ფუნტ სტერლინგს უხდიდნენ.“

- წერია წერილში

წერილის ავტორი იმასაც ამბობს, თუ როგორ მუშაობდა „თალიბანის“ ორი ცალკეული მაღალჩინოსანი სამშვიდობო მოლაპარაკებებში და საცხოვრებელი პირობების მოგვარების შემდეგ, მათ მძიმე სამშენებლო ტექნიკა გადასცეს, რომელიც სტადიონების მშენებლობაში გამოიყენეს.

კატარის ხელისუფლებამ აშშ-სა და გაეროს თანხმობით დოჰაში „თალიბანის“ პოლიტიკური ოფისი დააფინანსა. წევრებს კი სტიპენდია, ძვირადღირებული ჯიპები და უფასო ჯანდაცვა გადაეცათ. მათი მოვალეობა კი დასავლეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობა იყო.

The Telegraph-ს განუცხადეს, რომ ფული თავდაპირველად გადახდილი იყო ნაღდი ანგარიშსწორებით და მოგვიანებით პირდაპირ გადაირიცხა „თალიბანის“ ოფიციალური პირების საბანკო ანგარიშებზე, რამაც გაართულა აშშ-სა და კატარის ხელისუფლების ხარჯების თვალყურის დევნება.

კატარელები აცხადებენ, რომ ყოველთვიური გადასახადები შეერთებულ შტატებთან მონიტორინგით ხორციელდებოდა. ასევე, სრულიად ცხადი იყო, თუ როგორ და რამდენი თანხა დაიხარჯა ჯამში. კატარის ხელისუფლების თქმით, „თალიბანს“ მშენებლობაში არანაირი ჩართულობა არ ჰქონდა.

ღია საიდუმლო

მრავალი წყარო ამტკიცებს, რომ დოჰაში მცხოვრები „თალიბანის" შუამავალი, ჰაჯი აჰმად ჯანი, (ავღანეთის ნავთობისა და მაღაროების ყოფილი მინისტრი 1996-2001 წლებში) მეთვალყურეობდა მანქანების იჯარით გაცემას სამშენებლო კომპანიებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით, Telegraph-ის ჟურნალისტი დოჰაში მცხოვრებ ყოფილ ავღანელ დიპლომატს დაუკავშირდა და კითხვები დაუსვა, რაზეც მან(ვინაობას წყარო არ ასახელებს) უპასუხა:

„დოჰაში ეს ღია საიდუმლო იყო. კატარი „თალიბანის“ მოლაპარაკეთა გუნდს და პოლიტიკურ ოფისს საკმაოდ დიდი თანხით აფინანსებდა. ეს ხელფასები კი მათ მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამშენებლო აღჭურვილობაში დახარჯეს.

„თალიბან ჰაქანის“ ქსელი სხვა არაბულ ქვეყნებში მცხოვრები ავღანელებისგან შემოწირულობას აგროვებდა და მათ ჰპირდებოდა, რომ ამ თანხებს მსოფლიო ჩემპიონატის პროექტში ჩადებდა.“

თალიბანის სავარაუდო კავშირები მსოფლიო ჩემპიონატის მშენებლობასთან აჩენს დამატებით კითხვებს. დამატებით კითხვებს იმ ტურნირთან დაკავშირებით, რომლის გარშემოც უდიდესი სკანდალია ატეხილი შრომითი ძალადობის კუთხით.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6000-ზე მეტი ემიგრანტი მუშა დაიღუპა კატარის სტადიონებსა და ინფრასტრუქტურაზე მუშაობის დროს, რასაც ეროვნული მთავრობა უარყოფს. ამის ნაცვლად, ხელისუფლება აცხადებს, რომ სტადიონის მხოლოდ სამი თანამშრომელი დაიღუპა მშენებლობის 12 წლის განმავლობაში.

კატარში „თალიბანის“ არსებობა ოფიციალურად 10 წელზე მეტია დასტურდება. ახალი არავისთვის არის, რომ დაჯგუფების მაღალჩინოსნები პირველად ქვეყანაში იმ პერიოდის ემირმა ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანიმ შეუშვა.

ასევე ცნობილია, რომ ავღანეთში „თალიბანი“ ყოფილი პრეზიდენტის კარზაის წინააღმდეგ აჯანყებებს აწყობდა. ამას კი მხარს ამერიკის ხელმძღვანელობის კოალიციური ძალები უჭერდა.

ნავთობით მდიდარი კატარი, სადაც სამ მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, გახდა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა მსოფლიოში და მიესალმა ინვესტიციებს მთელი მსოფლიოდან. თუმცა ერთადერთი, რაც დოჰას არ ჰქონდა, გეოპოლიტიკური გავლენა იყო.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის უზრუნველყოფა  2010 წელს დაიწყო. ეს ასევე ბევრი სხვა რამის დასაწყისიც იყო. კატარელებმა დაინახეს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გაეძლიერებინათ თავიანთი საერთაშორისო პოზიცია, მას შემდეგ რაც სამშვიდობო მოლაპარაკებების საწყისი რაუნდი ჩაიშალა 2013 წელს აშშ-სა და „თალიბანს“ შორის.

საბოლოო ჯამში, მივიღეთ სიტუაცია, სადაც ჩანს, რომ „თალიბანმა“ საკუთარი კავშირები, ძალები, ფული და ინფრასტრუქტურა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. ამ პოლიტიკური მიზნების ერთ-ერთი მთავარი გზამკვლევი კი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის გეგმა - მესი და რონალდუ ერთ ჩემპიონატში
საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის გეგმა - მესი და რონალდუ ერთ ჩემპიონატში