ნეიმარი ხვალ პრესკონფერენციას გამართავს
ნეიმარის გარშემო ბოლო დროს უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, რომელთა უდიდესი ნაწილიც სიმართლეს ნაკლებად თუ შეესაბამება.
ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი აპირებს, რომ გულშემატკივრებს არსებული სიტუაცია გააცნოს და ხვალ ის მაიამიში პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც საკუთარ მომავალთან დაკავშირებით პირველ ოფიციალურ კომენტარს გააკეთებს.
როგორც ირკვევა, პრესკონფერენციას ნეიმარის გარემოცვაც დაესწრება. მათ შორის იქნება ფეხბურთელის მამაც, რომელიც ამავდროულად მისი აგენტია. სავარაუდოდ, კომენტარის გაკეთება უფროს ნეიმარსაც მოუწევს.
კულუარული ცნობებით, „ბარსელონას“ ნეიმარის შენარჩუნების იმედი აღარ აქვს. ვარაუდის სახით დაიწერა ისიც, რომ დანი ალვეშმა, რომელიც ნეიმარის ახლო მეგობარია, „სიტიში“ გადასვლას „პსჟ“-ში წასვლა იმიტომ არჩია, რომ მეგობრის გადაწყვეტილების შესახებ ადრევე გაიგო.
დღეს დილით ფრანგულმა L’Equipe-მა დაწერა, რომ „პსჟ“-მ ფეხბურთელთან 5 წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, თუმცა „ბარსელონასთვის“ 222 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ პარიზელები „ბარსასთან“ მოლაპარაკებებს სატრანსფერო ფასის დაწევასთან დაკავშირებით დაიწყებენ.
მოკლედ, აღნიშნულ სატრანსფერო სერიალზე მარჩიელობა დიდხანს აღარ დაგვჭირდება და ხვალ ყველაფერი გარკვევით გვეცოდინება.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ნეიმარის პრესკონფერენცია ხვალაა დაგეგმილი, რომლის შემდეგაც „ბარსას“ ვარსკვლავის მომავლის შესახებ ოფიციალური ცნობები გვექნება.