ჩირო ფერარა ხვიჩაზე: „მისნაირი ფეხბურთელის პოვნა ძალიან ძნელია“
„იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჩირო ფერარამ „პარტენოპეის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია შეაქო. ფერარა ნეაპოლელთა ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ს გადაცემის, Radio Goal-ის სტუმარი გახლდათ და სთხოვეს, „კვარას“ თამაშზე პოზიცია დაეფიქსირებინა.
„კვარაცხელია? მის მიერ ნაჩვენებ თამაშსა და სკეპტიციზმს თუ გავითვალისწინებთ, რომელიც მისი ტრანსფერისას გაჩნდა, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ადაპტაცია სწრაფად გაიარა და სპალეტიმ კარგი სამუშაო გასწია.
კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც განსხვავებას ქმნის და ამას სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნითა და თავისი ხარისხის დახმარებით აკეთებს. რაც უფრო მეტჯერ იპოვი გამოსავალს, მით უფრო დიდ განსხვავებას შექმნი. დღესდღეობით, ასეთი მახასიათებლების მქონე ფეხბურთელის პოვნა ძალიან ძნელია და ნაპოლის ამ ტრანსფერის გაჩარხვა უნდა მივულოცოთ“.
შეგახსენებთ, რომ დღეს, Goal-მა 2023 წლის ოქროს ბურთის მოგების კანდიდატები დაასახელა და 20 ფეხბურთელი გამოარჩია, რომელთა შორის „ნაპოლის“ ქართველ შემტევსაც ვხედავთ. ცნობისთვის, სერია A-ს ბოლო შეხვედრაში ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა და 69-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა. „ბოლონიას“ შემდეგ, მისი გუნდის მომდევნო გაჩერება იტალიის დედაქალაქია, სადაც „პარტენოპეი“ „რომას“ დაუპირისპირდება.