ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

კვარაცხელია V ლოჩოშვილი - ქართველების დუელი ხვიჩას გამარჯვებით დასრულდა

იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში ქართველმა გულშემატკივარმა ქართველების დუელი იხილა.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში - 1:4 დაამარცხა. ორივე ფეხბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშეს.

უნდა ითქვას, რომ ანგარიში საერთოდ არ ასახავს მატჩის სცენარს. შეხვედრა ორივე გუნდისთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა და მომენტების სიმრავლითაც ვერ დაიკვეხნიდა. რომ არა კვარაცხელია, არავინ იცის ნეაპოლელებს რა ბედი ეწეოდათ. ლუჩიანო სპალეტის გუნდს, განსაკუთრებით პირველ ნახევარში მომენტების შექმნა უჭირდათ და თავისუფალ სივრცეებსაც ვერ პოულობდა. გარდატეხის შეტანა კი თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე შეძლეს.

საუკეთესო მატჩი არ ჰქონია ხვიჩა კვარაცხელიას, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა თავისი გასაკეთებელი მაინც გააკეთა. 23-ე წუთზე „კრემონეზეს“ ფეხბურთელები თავის საჯარიმოში ხვიჩაზე უხეშობის გამო დაჯარიმდნენ, რის შემდეგაც მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად მატეო პოლიტანომ შეასრულა.

მეორე ტაიმის სტარტზე „კრემონეზემ“ წონასწორობის აღდგენა შეძლო. „პარტენოპეის“ კარში გოლი კირიელ დესერსმა გაიტანა. გოლის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და ნეაპოლელებს სახიფათოდ შეუტიეს, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს.

სპალეტის გუნდმა დაწინაურება 76-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსული ჯოვანი სიმეონეს გოლით შეძლო.

მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე კი ისევ კვარაცხელიას ჯერი დადგა. „ნაპოლის“ სახიფათო კონტრშეტევისას საბოლოოდ მეკარესთან პირისპირ ქართველი ფეხბურთელი დარჩა. ხვიჩას თავადაც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ბურთი უკეთეს პოზიციაში მყოფ ირვინ ლოზანოს გადააწოდა, ამ უკანასკნელსაც კი ცარიელ კარში გატანა აღარ გასჭირვებია.

ზუსტად ორ წუთში, ასევე შეცვლაზე შემოსულმა მატიას ოლივეირამ „კრემონეზეს“ კარში მორიგი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში - 1:4 დააფიქსირა.

9 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 23 ქულა დააგროვა და ამჯერად სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. სპალეტის გუნდი უახლოეს მდევარს, „ატალანატას“, რომელმაც  დღეს ქულები „უდინეზესთან“ დაკარგა, 2 ქულით უსწრებს. რაც შეეხება „კრემონეზეს“, ლოჩოშვილის გუნდი კვლავ 0 მოგებით 3 ფრით და ახლა უკვე 6 მარცხით ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზე იმყოფება

ხვიჩა კვარაცხელია და კამპანია მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავენ. 12 ოქტომბერს, საქართველოს დროით 20:45 საათზე „ნაპოლის“ მეტოქე „აიაქსი“ იქნება, „კრემონეზე“ კი 16 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში, „სპეციას“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები