„ტოპ ფეხბურთელობისთვის ყველაფერი აქვს“ - აჩი კვარაცხელიაზე
Aa
Aa

„ტოპ ფეხბურთელობისთვის ყველაფერი აქვს“ - აჩი კვარაცხელიაზე

ვეტერანი ფეხბურთელი, აჩი არველაძე CrystalSport-ის Youtube არხის კონტენტ "საგოლე გადაცემა"-ს სტუმარი იყო და არაერთი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა. ერთ-ერთი საკითხი ხვიჩა კვარაცხელიასა და მის ნეაპოლურ კარიერას შეეხებოდა. 

არველაძემ "კვარას" საფეხბურთო თვისებებსა და მენტალიტეტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტოპ ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის ყველაფერი აქვს.

ჩემი აზრით, როგორიც ნეაპოლში ჩასვლის პირველ დღეს იყო, ახლაც ისეთივეა. თავიდანვე ახლობელივით ჩავიდა და მეორე დღესვე ვნახეთ, გასახდელში როგორ მღეროდა. ჩვენ და იტალიელებს ტემპერამენტში ბევრი მსგავსება გვაქვს და, ვფიქრობ, ადაპტაცია არ გასჭირვებია.

იშვიათი შემთხვევაა, რომ სისწრაფე, ძალა, ინტელექტი და ტექნიკა ფეხბურთელს ერთად ჰქონდეს, მისი კოზირი სწორედ ეს მრავალფეროვნება და მრავალმხრივობაა. მისთვის ფეხბურთის თამაში რუტინა არ არის, სიამოვნებას იღებს და ერთობა, ამასთან ერთად კი დავალებებსაც ასრულებს და საკმაოდ კარგი სათამაშო დისციპლინითაც გამოირჩევა. როცა ბურთს იღებს, ყველა ველოდებით, რომ რაღაც განსაკუთრებული შეიძლება გააკეთოს. ტოპ კლუბებშიც კი გაგვიჭირდება მოვძებნოთ მოთამაშე, რომელსაც ამდენი დადებითი თვისება ერთად აქვს. ერთადერთი, რაც არ აქვს, ასაკიდან გამომდინარე, უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილებაა, ეს კი თანდათან მოვა. 21 წლის ასაკისთვის, პრაქტიკულად ყველაფერი აქვს და უბრალოდ რაც მინდა, რომ ვუსურვო, ჯანმრთელობა და სწორად განვითარებაა.

რაც შეეხება მის სხვა პოზიციაზე თამაშს, მგონია, რომ ცენტრფორვარდობის გარდა, ნებისმიერ სხვა შეტევით როლს მოირგებდა. ვერ ვიტყვი, რომ ცენტრფორვარდად ვერ ითამაშებს და ეს არ გამოუვა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მის უამრავ კარგ თვისებას სათანადო გასაქანი არ ექნება. „ათიანზეც“ ითამაშებდა, მაგრამ ამ პოზიციას რამდენიმე სირთულე ახლავს: ნაკლები სივრცე და თავისუფლება გაქვს, რასაც ისიც ემატება, რომ ხშირად კარიდან ზურგით თამაში გიწევს. ფლანგიდან კი ნახევარ ბრუნში თამაში შეგიძლია, ნაკლები მეტოქეა გარშემო და გაცილებით მეტის საშუალება გაქვს, რაც მისი თვისებების მქონე ფეხბურთელისთვის შესანიშნავი პირობებია. თუკი ამ სეზონში 10-12 გოლს შეაგდებს და 5-6 საგოლე გადაცემას შეასრულებს, ჩავთვლი, რომ ბრწყინვალე შედეგია და ზაფხულში 70 მილიონი ეღირება.

შეგახსენებთ, რომ CrystalSport-ის Youtube არხზე "საგოლე გადაცემა" ყოველ ორშაბათს 20:00 საათზე LIVE რეჟიმში გადის. აჩი არველაძის სტუმრობა შეგიძლიათ, აბზაცის ქვემოთ მოცემულ ბმულზე იხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები