ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლის ქართველი მარადონა“ – The Athletic-ის მაგარი სტატია ხვიჩა კვარაცხელიაზე

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე სტარტს ბევრი უცხოური გამოცემა გამოეხმაურა. ერთ-ერთი მათგანი ავტორიტეტული The Athletic-ი გახლავთ, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ, „კვარაზე“ ძალიან საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.

ხვიჩა კვარაცხელია - ნაპოლის ქართველი მარადონა, რომელიც ძალიან ცხელია, რათა გაუმკლავდე

„ქობულეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, ადგილობრივი კლუბი, შუქურა, რომელიც საქართველოს რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს, ჩელე არენაზე თამაშობს. სტადიონს ეს სახელი რევაზ ჩელებაძის პატივსაცემად დაარქვეს. ამ ქალაქის ცნობილი შვილის, ვინც 1978 წელს, დინამო თბილისთან ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. „ჩელე“ პელეს მსგავსი მეტსახელია, რომლითაც ჩელებაძე იყო ცნობილი.

„მოდით, არ დავივიწყოთ, რომ ქართველები ტექნიკით გამოირჩევიან. სსრკ-ს დროს, მათ საბჭოთა კავშირის ბრაზილიელებს უწოდებდნენ“, - ამბობს იური სიომინი. ძველი რუსული სამწვრთნელო სკოლის წარმომადგენელს ეროვნული ლიგის მიმართ ინტერესი სულ ჰქონდა და მოსკოვის ლოკომოტივში ყოფნისას ხელში ქართველი ტალანტი ჩაიგდო. ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა და საუბარი ეხება თინეიჯერს, რომელიც აზერბაიჯანთან და სომხეთთან ახლოს მდებარე ქალაქ რუსთავში თამაშობდა. მის გვარში სიტყვა „ცხელია“ გვხვდება და მალე ყველამ, ვინც მისი ასპარეზობა იხილა, გაიგო ეს რას ნიშნავს, რადგან იგი იმდენად ცხელია, მასთან შეხებას ვერც ერთი მეტოქე ვერ ახერხებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ძალიან ცხელია, რათა გაუმკლავდე, საქართველოში ცეცხლი დაანთო.

სტატისტიკურ პორტალებს, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე მივარდნილი ჩემპიონატების სტატისტიკასაც აღრიცხავენ, ეგონათ, რომ დრიბლინგის აღმრიცხველი ხელსაწყოები გაუფუჭდათ, რადგან ეს ბიჭი საშუალოდ მატჩში 10-ზე მეტ დრიბლინგს ახორციელებდა. ქართულ-ბრაზილიურ ტრადიციას თუ გავყვებით, ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, თითქოს დინამო თბილისმა „კვარინჩა“ აღმოაჩინა. რუსთავი თანახმა იყო, იგი იჯარით კიდევ ერთხელ გადაეყვანა, მაგრამ სიომინმა კვარაცხელია ლოკომოტივში წაიყვანა. „ხვიჩას თვალს მას შემდეგ ვადევნებ, რაც 15 წლის გახდა, მაგრამ ჩემს გაოცებას დღემდე ახერხებს“, - აცხადებს რუსი სპეციალისტი.

სიომინის პროტეჟე ახლა სერია A-ში ასპარეზობს. იტალიაში სეზონი 2 კვირაა დაიწყო, მაგრამ კვარაცხელიამ მთავარი აღმოჩენის სტატუსის დამკვიდრება უკვე მოახერხა. 3 გოლი 2 შეხვედრაში. თავური, ულამაზესი გოლი მარჯვენა ფეხით და ბრწყინვალე დარტყმა მარცხენა ფეხით. ნეაპოლურ კლუბში ამაზე უკეთესი სტარტი არავის ჰქონია და მან თამაშიდან უკვე იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე ლორენცო ინსინიემ გასულ სეზონში.

სიომინი ალბათ ელოდებოდა, რომ გოლის გატანის ალღოს წყალობით, კვარაცხელია კარეკას პატივსაცემად, მეტსახელად „კვარეკას“ მიიღებდა. შედარებით ახალი თაობის წარმომადგენლები არჩევანს „კვანიზე“ აკეთებდნენ. განსაკუთრებით იმიტომ, რომ კვარაცხელიას ედინსონ კავანის 7-ნომრიანი მაისურის მორგება სურდა. კვარაცხელიას კუმირი კრიშტიანუ რონალდუა და ეს ამიტომ გადაწყვიტა, თუმცა 7 ნომრით ელმასი თამაშობს და ხვიჩა 77 ნომერს დასჯერდა. საბოლოოდ, კვარაცხელიას კვარადონა შეარქვეს და ეს მანამდე მოხდა, სანამ ნაპოლის მაისურით ითამაშებდა. ეს იმის დამსახურებაა, რომ ხვიჩამ Opus-ის სიმღერა, Live is Life შეასრულა, რომლის ფონზეც თავის დროზე დიეგო მარადონა ხურდებოდა. ალბათ, ნეაპოლელებმა კვარაცხელიას გვარის წარმოთქმას, რომელიც ენის გასატეხს ჰგავს, თავი სწორედ ამიტომ აარიდეს... „ვიცი, რომ მარადონა ნეაპოლისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, მასთან ერთად წინადადებაში რომ მახსენებენ. მარადონასთან ახლოსაც ვერ მივალ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ამ კლუბისთვის დიდი ფეხბურთელი გავხდე და რა თქმა უნდა, ეს მეტსახელი ძალიან მომწონს“, - განაცხადა ხვიჩამ პრესკონფერენციაზე.

უდიდესი ყურადღება და მარადონასთან შედარებები თავისუფლად შეიძლებოდა, გამხდარიყო ტვირთი, რომელსაც ხვიჩა ვერ გაუმკლავდებოდა. თითქოს ეს საკმარისი არ ყოფილიყო, იგი ნაპოლიში ლორენცო ინსინიეს შემცვლელად გადაიყვანეს. ფეხბურთელის, რომელიც კლუბის კაპიტანი გახლდათ, ნაპოლის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეორეზეა და ევრო 2020-ის გამარჯვებულია... „მასზე კვლავინდებურად ძალიან დიდი წნეხია. თამაშის დაწყებამდე უაღრესად დაძაბული იყო. როგორც კი წნეხისგან გათავისუფლდება და მოეშვება, ნახავთ, რა ფეხბურთელია. ის, რასაც ახლა აკეთებს, საკმარისია, მაგრამ გაცილებით მეტი შეუძლია“, - განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ, რომელიც იმავეს ფიქრობდა მოჰამედ სალაჰზე, როცა მას რომაში წვრთნიდა და ნახეთ, რა ფეხბურთელია ახლა ეგვიპტელი!

თუ დაძაბული კვარაცხელია მცველებს თავბრუს ახვევს, ძნელია წარმოვიდგინოთ, წნეხისგან თავისუფალი ხვიჩა რას იზამს. ქართველ ფეხბურთელს ვერონაზე და მონცაზე რთული გამოცდების ჩაბარება მოუწევს და დაცვაში მოსამატებელი აქვს. ვერონას ვინგ-ბექი, დავიდე ფარაონი მას ზედმეტად მარტივად გასცდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფარაონი თითქმის მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში იმაზე ნერვიულობდა, ხვიჩასთვის თავისუფალი სივრცე არ მიეცა. ქართველი ფეხბურთელის არაპროგნოზირებადობამ მასზე დიდი გავლენა იქონია. ინსინიესგან განსხვავებით, რომლის მთავარი იარაღი მოედნის ცენტრალური ნაწილისკენ შეჭრა და საფირმო ჩახვეული დარტყმების განხორციელება ან კალეხონის მისამართით გადაცემების გაკეთებაა, კვარაცხელიას თამაშის წაკითხვა ძალიან ძნელია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ინსინიეს შეჩერება მარტივი იყო. ყველამ იცოდა, არიენ რობენი რას აპირებდა, მაგრამ მისი შეჩერება ურთულესი გახლდათ და ინსინიეს ოსტატობამ მას ნაპოლის მაისურით 122 გოლი გაატანინა.

კვარაცხელიას რაც შეეხება, მისი თამაშის წაკითხვა ისეთივე რთულია, როგორც ასომთავრული, ნუსხური და მხედრული დამწერლობის გამოყენებით მისი სახელისა და გვარის დაწერა. ხვიჩას შეუძლია, მეტოქეს სისწრაფეში აჯობოს, რის გამოც, დიდი შანსია, მარიო რუიმ მისი მისამართით გრძელი პასები ხშირად გააკეთოს იმის იმედად, რომ კვარაცხელია მეურვეს გაასწრებს. გარდა ამისა, მას მოედნის ცენტრალური ნაწილისკენ შეჭრა და ჩახვეული დარტყმების განხორციელება შეუძლია, რისი ნათელი მაგალითიც მონცასთან გატანილი პირველი გოლი იყო, მეორე გოლისას კი გვანახა, რომ შეტევის დაგვირგვინება მარცხენა ფეხითაც შეუძლია.

ლუჩანო სპალეტისთან ერთად, ნაპოლის სათამაშო სტილმა ცვლილებები განიცადა და დრიბლინგის მოყვარული ფეხბურთელების სამოთხედ იქცა. პარტენოპეი საინტერესო გუნდია, რომელიც კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოა, მეტოქის დაცვითი ბლოკების განადგურება შეუძლია და მეორე სართულზე კარგად ასპარეზობს. ყოველთვის, როცა კვარაცხელია ბურთს ეხება, განსაკუთრებული შეგრძნება ჩნდება და უსასყიდლოდ გაფორმებულ ფეხბურთელებს თუ არ ჩავთვლით, იგი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონის საუკეთესო ტრანსფერის სტატუსი დაისაკუთროს. ვიღაცებმა შეიძლება იფიქრონ, რომ საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელში 10 მილიონი ევროს გადახდა სერიოზული რისკი იყო, მაგრამ ჯერჯერობით ისეთი ვითარებაა, რომ თანხა, რომელიც ნაპოლიმ მის სანაცვლოდ გაიღო, ძალიან დაბალია. იტალიაში რომელიმე სტადიონს კვარაცხელიას სახელს არ დაარქმევენ, როგორც ეს ჩელებაძის შემთხვევაში მოხდა და მარადონას შეუძლია, მშვიდად განისვენოს, მაგრამ თუ კვარამ ასე გააგრძელა, მისი თამაში შეგვახსენებს, რომ ისეთ გლობალურ სპორტში, როგორიც ფეხბურთია, დიადი მოთამაშეების პოვნა ყველგან შეიძლება“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ორი ტურის შემდეგ, „კვარას“ ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. „ნაპოლის“ ისტორიაში, დებიუტანტ ფეხბურთელებს ასეთი სტარტი არასდროს ჰქონიათ და ხვიჩა წარმატებული სვლის გაგრძელებას ფლორენციაში შეეცდება, სადაც მისი გუნდი „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა ფენომენია“ - რა თქვა ანტონიო კასანომ კვარაზე
„ხვიჩა ფენომენია“ - რა თქვა ანტონიო კასანომ კვარაზე