მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

"არ უნდა ეთამაშა" - სალაჰს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრავმა აღენიშნებოდა

გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოჰამედ სალაჰი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. მერსისაიდელთა მხრიდან ყველაზე აქტიური სწორედ „ფარაონი“ იყო, რომელმაც ტიბო კურტუას კარში 6-ჯერ დაარტყა, თუმცა ექვსივე შემთხვევაში გამარჯვებული ბელგიელი კიპერი დარჩა.

ავტორიტეტული გამოცემა GOAL წერს, რომ მოჰამედმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში ტრავმით ითამაშა და ეს მისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი იყო. ყველაფერი კი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში დაიწყო, სადაც ეგვიპტელმა ფეხბურთელმა დაზიანება მიიღო.

მოჰამედმა პრემიერ ლიგის მატჩები გამოტოვა და მხოლოდ 32 წუთი ითამაშა ბოლო ტურში „ვულვზის“ წინააღმდეგ. გარკვეულ წილად იურგენ კლოპმა გარისკა, რადგან შესაძლოა მოჰამედის მდგომარეობა უფრო გართულებულიყო, მაგრამ არც ის აწყობდა, რომ ფინალს უთამაშებელი შეხვედროდა.

ეგვიპტის ნაკრების მთავარმა ექიმმა მოჰამედ აბუ ელ ელამ განაცხადა, რომ სალაჰი ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ ეროვნულ ნაკრებს ტრავმით შეუერთდა.

„სალაჰმა ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ტრავმა მიიღო და ასეთ მდგომარეობაში ჯერ „ვულვზთან“ ითამაშა, ხოლო შემდეგ 90 წუთი „რეალის“ წინააღმდეგ. ჩვენ გავეცანით სტატისტიკას და აღმოვაჩინეთ, რომ „მო“ ამ სეზონში ნათამაშები წუთების რაოდენობით მეორეა.

„ლივერპულთან“ ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია. სეზონის დასრულების შემდეგ, მათ გვითხრეს, რომ სალაჰს ტკივილები ჰქონდა. რეალურად, ორივე მხარემ უნდა იზრუნოს, რომ რისკები თავიდან ავიცილოთ. ამ გადმოსახედიდან მას ფინალში არ უნდა ეთამაშა.“

სალაჰი გასულ სეზონში

„ფარაონმა“ „ლივერპულს“ გასულ სეზონშიც ულიდერა. სალაჰმა მერსისაიდული გრანდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 51-ჯერ მოირგო, 31 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. ექსპერტების ვარაუდით, სალაჰი ოქროს ბურთის მოგების სამ საუკეთესო კანდიდატს შორის იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"გამარჯვება დავიმსახურეთ" - სალაჰი ფინალს ვერ ივიწყებს