რივერ პლეიტი, ლუის სუარესი
Aa
Aa

სუარესი რივერ პლეიტში? - კლუბი ფეხბურთელს ესაუბრა

ურუგვაის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ ყოფილი ფორვარდი, ლუის სუარესი ახალი სეზონიდან შესაძლოა არგენტინის ჩემპიონატში, კერძოდ კი „რივერ პლეიტში“ გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, არგენტინული კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელის გარემოცვას უკვე დაუკავშირდნენ, თუმცა მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს.

„რივერ პლეიტის“ პრეზიდენტმა, ხორხე ბრიტომ რადიო FM Top-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ურუგვაელ ფეხბურთელს ოფიციალური წინადადებით მიმართეს და ახლა ყველაფერი სუარესზეა დამოკიდებული.

„მართალია, ჩვენ ნამდვილად დავურეკეთ სუარესს და ახლა ყველაფერი მისი გადასაწყვეტია. სატრანსფერო ბაზარი ნამდვილად რთული იქნება. ვიცით, რომ ის აგვისტოში იხურება და ჩვენ ლუისი ახლა გვჭირდება. ვეძებთ გამოსავალს, მის გარდა კიდევ ერთი მოთამაშის დამატებას განვიხილავთ და კარგი იქნება თუ პასუხს მალე გვეტყვის. ზოგადად, რთული ფანჯარა იქნება, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის წელია და ფეხბურთლებს განსხვავებული ინტერესები აქვთ“, - განაცხადა ბრიტომ.

როგორც ცნობილია, ლუის სუარესი ახლა თავისუფალი აგენტია და ახალ კლუბს ეძებს. ფეხბურთელის გარემოცვის ინფორმაციით, სუარესისთვის პრიორიტეტული რომელიმე ტოპ-ლიგაში თამაშია, რადგან სურს, რომ ნოემბერში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს ტონუსში შეხვდეს.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ფორვარდი ბოლოს მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშობდა, სადაც „როხიბლანკოს“ მაისურით ჩატარებულ 83 მატჩში 34 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. სუარესს კარიერის უმეტესი ნაწილი ბარსელონაში აქვს გატარებული - 281 მატჩი, 194 გოლი და 113 ასისტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები