Crystalbet ეროვნული ლიგა, გაგრა
Aa
Aa

სამგურალმა გაგრას 0:2 მოუგო - დილამ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

Crystalbet ეროვნულ ლიგაში მე-14 ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. მეორე სათამაშო დღის პირველ მატჩში „გაგრა“ „დინამო არენაზე“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუხვდა და დაძაბულ მატჩში შეხვედრა 0:2 დათმო.

ორივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. ანგარიში 35-ე წუთზე დეთო კიკაბიძემ გახსნა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა. აღნიშნულ ეპიზოდში საგოლე გადაცემა ილია ახვლედიანმა ჩაიწერა.

ზუსტად სამ წუთში კი „სამგურალმა“ უპირატესობა ორბურთამდე გაზარდა. მარჯვენა ფლანგიდან მიხეილ ბაშალეიშვილის პასის შემდეგ ჯეფერსონ ჯერალდომ ბრწყინვალე მოქმედებით დასარტყმელი სივრცე შეიქმნა და გაგრელთა კარის დარაჯს შანსი არ დაუტოვა.

პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორე ნახევარი შედარებით არასანახაობრივი გამოდგა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, გუნდებმა ერთმანეთის კარში მეტი გოლის გატანა ვერ შეძლეს და მატჩი საბოლოოდ წყალტუბოელთა გამარჯვებით დასრულდა.

საგულისხმოა, რომ გიორგი მიქაძის გუნდს Crystalbet ეროვნულ ლიგაში ზედიზედ 8-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა და აქედან ზედიზედ 5 შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

14 ტურის შემდეგ „სამგურალი“ სატურნირო ცხრილში თბილისის „დინამოს“ გაუთანაბრდა და 26 ქულით თბილისურ კლუბთან ერთად მეორე-მესამე ინაწილებს. რაც შეეხება „გაგრას“, გაგა კირკიტაძის გუნდი 17 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონას 1 პოზიცია აშორებს.

„გაგრასა“ და „სამგურალის“ დაპირისპირების პარალელურად, ბოლნისში ადგილობრივი „სიონისა“ და გორის „დილას“ შეხვედრაც მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ ფრედ, 0:0 დასრულდა. 14 ტურის შემდეგ „დილა“ გათამაშებაში 23 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, „სიონი“ კი 11 ქულით კვლავ მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრე თბილისურ დერბიში - დინამომ და საბურთალომ ქულები გაიყვეს
ფრე თბილისურ დერბიში - დინამომ და საბურთალომ ქულები გაიყვეს