ლივერპული, ჩემპიონთა ლიგა, ვილიარეალი, უნაი ემერი
Aa
Aa

"მოულოდნელობის ეფექტი შემცირებულია" - ემერი ლივერპულთან მატჩზე

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ვილიარეალი“ „ლივერპულს“ ესტუმრება. მატჩის წინ, „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ თავკაცმა უნაი ემერიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ემერი:

„ამ ეტაპზე იმიტომ ვართ, რომ დავიმსახურეთ. „ლივერპულს“ და იურგენ კლოპს საოცარი პროექტი აქვთ და მათი დამარცხება რთული იქნება. მოულოდნელობის ეფექტი შემცირებულია. ეს ფაქტორი „ბაიერნთან“ და „იუვენტუსთან“ აშკარად გამოგვადგა. ახლა სიტუაცია შეიცვალა. „ლივერპულმა“ იცის, რომ ევრო სარბიელზე შესანიშნავი გამოცდილება გვაქვს. ისინი თავს ფავორიტებად თვლიან, მაგრამ პატივისცემა აშკარად იგრძნობა.

კლოპის გუნდს გაუმჯობესებულად აღვიქვამ. „ლივერპული“ სწრაფი, კომპაქტური და ძლიერი გუნდია. ბურთს ისე გართმევენ, რომ გააზრებასაც ვერ ახერხებ. შესაძლოა მათთვის იდეალური მეტოქე ვიყოთ, მაგრამ წინასწარ არავინ იცის რა მოხდება. მანე და სალაჰი ყველაზე დიდ ხიფათს ქმნიან და აქცენტს სწორედ მათზე გავაკეთებთ. მე მყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ მატჩისთვის მზად არიან.

კარგად გვესმის, რომ ახლა ნახევარფინალში ვართ და ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტს ვეთამაშებით. ამ დაპირისპირებით არაფერი მთავრდება. ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს. მინდა ყველამ იცოდეს, რომ გვაქვს იარაღი, რომლითაც ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია.“

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალმა“ ნახევარფინალამდე „ბაიერნი“ და „იუვენტუსი“ გამოთიშა ასპარეზობას. „ლივერპულმა“ კი „ინტერის“ და „ბენფიკას“ ბარიერი დაძლია. ცნობისთვის, ნახევარფინალური დაპირისპირება 27 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები