20 წლის შემდეგ
Aa
Aa

20 წლის შემდეგ "რეალმა" ევროლიგა მოიგო

ევროპის საუკეთესო გუნდი მადრიდის "რეალი" გახდა, რომელიც დიდი ხანი მიდიოდა ამ ტიტულისკენ - 20 წელი დასჭირდა ჩემპიონთა თასის მეცხრედ მოსაპოვებლად. "ოთხთა ფინალი" მადრიდში გაიმართა, მაგრამ "სამეფო კლუბის" ტრიუმფი მხოლოდ საკუთარი კედლების დამსახურება არ ყოფილა. 

ფინალში "ოლიმპიაკოსმა" დაახლოებით ისეთი ტაქტიკა აირჩია, რითაც ცსკა-ს ნახევარფინალი მოუგო. ბერძნები ცდილობდნენ, ძალიან შორს არ გაეშვათ მეტოქე, რის შემდეგაც საქმეში უნდა ჩართულიყო ვასილის სპანულისი, რომელსაც აქამდე არც ერთი მატჩი არ ჰქონდა წაგებული "ოთხთა ფინალში".

მაგრამ სპანულისმა მატჩის ბოლომდე ვერ გაიღვიძა. მისი დახმარება გუნდს მაშინ სჭირდებოდა, როცა არანორმალური მონდომებითა და კონცენტრაციით ბერძნებმა მესამე მეოთხედის პირველ ნაწილში 11-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეს და თავად გავიდნენ წინ - 41:40. როგორც კი სპანულისი ბურთს მოითხოვდა, მის წინ მაშინვე აღიმართებოდა გუსტავო აიონი. 

მაღალი მექსიკელის წინააღმდეგ სროლას ბერძენი ვერ ბედავდა (ერთხელაც კი არ უცდია ამის გაკეთება) და სხვა გადაწყვეტილებებს ეძებდა, მაგრამ ამისთვის უკვე დრო აღარ რჩებოდა. საბოლოოდ, სპანულისმა სამი ქულით დაასრულა შეხვედრა. საერთოდ, ლოიესკისა და ჰანტერს თუ არ ჩავთვლით, "ოლიმპიაკოსის" რიგებში არავის გამოყოფა არ შეიძლება. 

გარდა იმისა, რომ თამაში ჩააგდეს სნაიპერებმა (23-დან მხოლოდ ხუთი სამქულიანი გამოიყენეს), საჯარიმოებიც საშინლად შეასრულეს. მაგალითად, სპანულისმა და ლაფაიეტმა ერთად ცხრიდან ორი ჯარიმა ჩააგდეს!

"რეალის" შეტევები ნამდვილი თავსატეხი გახდა ბერძნული გრანდისთვის. "ოლიმპიაკოსის" შეცდომების ხარჯზე მადრიდელებს ყოველთვის რჩებოდათ პერიმეტრზე ერთი თავისუფალი მოთამაშე და ამას ძალიან კარგად იყენებდნენ. 40:41-ზე კეროლმა ზედიზედ 11 ქულა აიღო, ბოლო 14 წუთი კი "რეალმა 38:18 მოიგო. და ეს სწორედ სამქულიანების ხარჯზე გააკეთა. 

ამ მხრივ, კეროლს მხარი აუბეს იონას მაჩიულისმა და ანდრეს ნოჩიონიმ. შედეგად, საერთო გუნდური მონაგარის ნახევარი (78-დან 39) მადრიდელებმა შორეული ტყორცნებით აიღეს (43-პროცენტიანი რეალიზაცია). ამის შემდეგ ცხადი გახდა, რომ "რეალს" მეცხრე ტიტული (პირველი 1995 წლის შემდეგ) არსად გაექცეოდა.

მატჩის შემდეგ არგენტინელი ნოჩიონი "ოთხთა ფინალის" უძვირფასეს მოთამაშედ აღიარეს. "ფენერბაჰჩესთან" და "ოლიმპიაკოსთან" მატჩებში სამხრეთამერიკელი სათადარიგოთა სკამიდან შედიოდა მოედანზე და საშუალოდ 12 ქულას აგროვებდა. ასევე, მის ანგარიშზე იყო 13 მოხსნა და სამი დაფარება. "ოთხთა ფინალში" ნოჩიონის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს უდრიდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ყველა კალათბურთელს შორის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები