რონალდუ ლივერპულთან არ ითამაშებს - მიზეზი მის ოჯახში მომხდარი ტრაგედიაა
დღეს, თბილისის დროით, 23:00-ზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ უაღრესად პრინციპული მატჩი ელის და მოსისხლე მტერს, „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. „წითელი ეშმაკები“ უმნიშვნელოვანეს მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდებიან და ფონს გასვლა კრიშტიანუ რონალდუს გარეშე მოუწევთ.
რამდენიმე წუთის წინ, „მანჩესტერმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გვაუწყა, რომ კრიშტიანუ დღევანდელ მატჩს გამოტოვებს: „ოჯახი ყველაფერზე მნიშვნელოვანია და რონალდუ ამ ურთულეს წუთებში თავისი საყვარელი ადამიანების გვერდით დგას. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ იგი ლივერპულთან მატჩს გამოტოვებს. კრიშტიანუ, ჩვენ ყველანი შენზე ვფიქრობთ და შენს ოჯახს გამძლეობას ვუსურვებთ“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი შვილი გარდაიცვალა. „უდიდესი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ ჩვენი შვილი გარდაიცვალა. ეს არის უდიდესი ტკივილი, რაც კი მშობელმა შეიძლება განიცადოს. ამის გადატანის ძალას და მომავლის იმედს მხოლოდ ჩვენი ახალშობილი გოგო გვაძლევს. მადლობას ვუხდით ყველა ექიმსა და ექთანს გაწეული დახმარებისთვის. ჩვენო ბიჭო, შენ ჩვენი ანგელოზი ხარ, ყოველთვის გვეყვარები“, - ნათქვამია წერილში, რომელიც რონალდუმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც მოგეხსენებათ, „მანჩესტერს“ 54 ქულა აქვს და პრემიერ ლიგაში მე-5 გახლავთ. „წითელ ეშმაკებს“ ჩემპიონთა ლიგის ზონამდე 3 ქულა აშორებთ და დღევანდელ შეხვედრაში ქულების აღება ჰაერივით სჭირდებათ.