რევაზ არველაძე: ,,ხვიჩას აქვს უნარი ისე აფეთქდეს, შედეგზე გავლენა იქონიოს
Aa
Aa

რევაზ არველაძე: ,,ხვიჩას აქვს უნარი ისე აფეთქდეს, შედეგზე გავლენა იქონიოს"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წელი გამარჯვებით დაიწყო. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ქალაქ ზენიცაში გამართული ამხანაგური შეხვედრა ვილი სანიოლის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. (0-1).

გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში მეორე ნახევრის დებიუტში გაიხსნა - 49-ე წუთზე საქართველოს ნაკრები ბუდუ ზივზივაძემ დააწინაურა. 28 წლის ფორვარდმა ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანი გადაცემის შემდეგ გაიტანა.

საქართველოს პირველი არხის ეთერში სტუმრად ვეტერანი ფეხბურთელი, რევაზ არველაძე იმყოფებოდა, რომელმაც საკითხის შესახებ ისაუბრა, მათ შორის, ჩვენს გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას როლის მნიშვნელობაზე:

რასაკვირველია, კვარაცხელია ნაკრების ლიდერია. შოთამ რომ თქვა, მინდა წაყვანა, მაგრამ წამოვაო? ხომ ხვდებით, რა იგულისხმა – უკეთესი უსურვა. უკეთესი ვარიანტები აქვს და წამოვაო?! თან ინგლისში ქართველი ფეხბურთელის წაყვანა ბევრ შეზღუდვებთანაა დაკავშირებული – სამუშაო ვიზის, ქართული პასპორტის… მას ეს არასერიოზულად კი არ უთქვამს, ძალიან სერიოზულადაც იყო. უბრალოდ, შოთამ ამით იგულისხმა, რომ ხვიჩა სერიოზულ გუნდში წასვლაზე ფიქრობს.

ბოსნიასთან ხვიჩას თამაშს რაც შეეხება, მას აქვს იმის უნარი, ფორმის პიკშიც თუ არ არის, შეხვედრის განმავლობაში ისე აფეთქდეს, რომ ამან თამაშის მსვლელობასა და შედეგზე გავლენა იქონიოს. თუმცა, ასეთი მომთხოვნიც არ უნდა იყო, რომ ყოველ წამს მომენტი შექმნას.

ვიღაცას ჰგონია, რომ ფეხბურთი ადვილი და იოლი თამაშია. მე ყველთვის ვიძახი, რომ ჭკვიანმა და მცოდნე ხალხმა ბევრი უნდა ილაპარაკოს. მე რომ ვთამაშობდი, სხვა ფეხბურთი იყო, ჩვენ რომ ვმუშაობდით, მაშინაც შეიცვალა და ახლანდელ ცვლილებებსაც უნდა ავყვეთ. ბოსნიასთან თამაში რომ დაიწყო შუქი წავიდა, მაგრამ ჩემი ბიჭის მობილურიდან ვუყურეთ. ჩვენც უნდა განვითარდეთ და ვითარებას ალღო ავუღოთ.

საქართველოს ფეხბურთის თამაშის პოტენციალი აქვს. ჩრდილოეთ მაკედონიამ რომ მოგვიგო, ბევრით არ გვჯობდა, მაგრამ ამდენს რომ მიაღწია, გამოდის, ამ დონეზე თამაში ჩვენც შეგვიძლია. დააკვირდით მათ განვითარებას. ჩვენთან მოგებამ, ევროპაზე თამაშმა, თითოეული უფრო თავდაჯერებული გახადა, მათი ფეხბურთელები სატრანსფერო ბაზარზე უფრო საინტერესო და მიმზიდველები გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, დინამო ბათუმმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ გულშემატკივარს ინფორმაცია ოფიციალური გვერდის მეშვეობით, რამდენიმე დღის წინ მიაწოდა. საუბარია რუსეთში მოთამაშე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელზე, ზურიკო დავითაშვილზე, რომლის ტრანსფერის ირგვლივაც ასევე აქტიური მუშაობა მიდის.

ტრანსფერები გაიწელა იმიტომ, რომ დინამო ბათუმს სურს ფეხბურთელები კლუბს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც დაეხმარონ.

მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭიდაობა | როგორია საქართველოს შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
ჭიდაობა | როგორია საქართველოს შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე