გოლი ბოლო წამზე და დასანანი ფრე - საქართველომ ფინეთს ვერ მოუგო
Aa
Aa

გოლი ბოლო წამზე და დასანანი ფრე - საქართველომ ფინეთს ვერ მოუგო

ხელბურთის ევროპის 2024 წლის ვაჟთა ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთს საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა. გულშემატკივრებმა ბრწყინვალე მატჩი იხილეს, რომელიც სამწუხაროდ ფრედ 22:22 დასრულდა. საქართველოს გამარჯვების ბრწყინვალე შანსი ჰქონდა..

პირველი ტაიმი საოცრად დაძაბული გამოდგა. გუნდები მომენტს მომენტზე ცვლიდნენ. საწყის წუთებზე ქართველები აქტიურობდნენ და სულ მალე კბილაშვილმა ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ, „ჩვენებურებს“ ჩავარდნა ჰქონდათ და ფინეთმა ზედიზედ 4 გოლი გაიტანა.

ფლორინ იაკობის შეგირდები გონს მოვიდნენ და გააქტიურდნენ. საქართველომ ზედიზედ 4 გოლი გაიტანა. თავი ცხოვრებაძემ, ორჯონიკიძემ(2) და ჭანტურიამ გამოიჩინეს. სულ მალე ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ ცხოვრებაძემ კიდევ ერთხელ აიღო ფინელთა კარი. საქართველოს პირველი ტაიმის მოგების შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა ფინეთმა გამოცდილების ხარჯზე გვაჯობა.

პირველი ნახევარი 8:9 დავთმეთ. 28-ე წუთზე თავი აბრამიშვილმა გამოიჩინა, ხოლო 29-ე წუთზე ორჯონიკიძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში საქართველომ 3 პენალტი გააფუჭა, ხოლო ბოლო წუთზე არაორგანიზებული და სწრაფი შეტევის დროს ბურთი დაიკარგა და მეცხრე გოლი სწორედ ასე მივიღეთ.

მეორე ტაიმი კიდევ უფრო სანახაობრივი გამოდგა. რეალურად ყველაფერი საქართველოს კარნახით წარიმართა, თუმცა პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს. ამის შემდეგ, მასპინძლები საოცრად გააქტიურდნენ და მოკლე მონაკვეთში ანგარიში 13:10 გახდა. ფინელები მარცხს არ ეგუებოდნენ და გააქტიურდნენ, ორი ბურთი გაქვითეს, თუმცა კბილაშვილმა 41-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაისროლა.

საქართველომ მნიშვნელოვანი უპირატესობა 44-ე წუთის შემდეგ მოიპოვა, როდესაც 4 ბურთით დაწინაურდა. ერთი გოლი ცინცაძემ(მეკარე) საკუთარი კარიდან გაიტანა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ტაბლოზე 20:17 ფიქსირდებოდა. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ფინეთმა გაათანაბრა - 20:20.

57-ე წუთზე ორჯონიკიძემ კიდევ ერთხელ გაისროლა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. სამწუხაროდ, მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე საქართველო 22:21-ს იგებდა, თუმცა მოწინააღმდეგე ხელბურთელმა ყუმბარისებული დარტყმით წონასწორობა აღადგინა და საბოლოო შედეგი 22:22 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 9 იანვარს გაიმართება. ცნობისთვის, 2-მატჩიან დუელში გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შესარჩევ ეტაპზე, ჯგუფში გადაინაცვლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები