განსაკუთრებული დახვედრა თოკოს - შენგელიამ ყოფილი გუნდი დაამარცხა
Aa
Aa

განსაკუთრებული დახვედრა თოკოს - შენგელიამ ყოფილი გუნდი დაამარცხა

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-6 გამარჯვება იზეიმა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვიტორიაში დაბრუნდა და ყოფილ გუნდს, „ბასკონიას“ დაუპირისპირდა.

„არმიელებმა“ მატჩი შესანიშნავად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 23-8 მოიგეს. მეორე ათწუთეული უკეთ მასპინძლებმა ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ. მესამე მეოთხედში, ცსკა-მ უპირატესობა გაზარდა და გადამწყვეტ პერიოდს 13-ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდა. „ბასკონია“ ბევრს ეცადა, რათა თამაშში დაბრუნებულიყო და მატჩის მიწურულს, ჩამორჩენა 4 ქულამდეც დაიყვანა, მაგრამ ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა და საბოლოოდ, 74-80 დამარცხდა.

ბასკურმა კლუბმა შენგელიას განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო. ესპანური პუბლიკა თოკოს აპლოდისმენტებით შეეგება, ხოლო „ბასკონიას“ სპორტულმა დირექტორმა, ფელიქს ფერნანდესმა შენგელიას ჩარჩოში ჩასმული 23-ნომრიანი მაისური უსახსოვრა, რომლითაც ქართველი კალათბურთელი ვიტორიულ გუნდში ასპარეზობდა.

„ბასკონიას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, შენგელია ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. თოკომ პარკეტზე 29 წუთი და 49 წამი გაატარა და აქტივში 15 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა. შენგელიამ 9-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

შეგახსენებთ, რომ ცსკა-ს 6 მოგება და 5 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილს იკავებს. „არმიელებს“ მომდევნო მატჩი 25 ნოემბერს, „ბაიერნთან“ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები