ახალი ზედმეტსახელი - რას ეძახის კიელინი დე ლიხტს?
„იუვენტუსის“ ვეტერან ცენტრალურ მცველს, ჯორჯო კიელინის იმედი აქვს, რომ მატიას დე ლიხტი კიდევ მრავალი წელი ითამაშებს „ბებერ ქალბატონში“. ჯორჯოს იმდენად სურს ეს, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელის აგენტს მინო რაიოლასაც კი მიმართა.
ბოლო პერიოდში „აიაქსის“ ყოფილ ცენტრალურ მცველს ტრავმა აღენიშნება და რამდენიმე მატჩი გამოტოვა. „ბიანკონერის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ დააანონსა, რომ მატიასი სულ მალე გამოჩნდება ძირითად შემადგენლობაში.
DAZN-თან საუბრისას, კიელინიმ დე ლიხტის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ევრო 2020-ის ჩემპიონი ახალგაზრდა მცველის განვითარებით აღფრთოვანებულია:
„მატიასი ძალიან ძლიერია. მე მას თორს(მითოლოგიური ფიგურა და სუპერ გმირი „მარველის“ ფილმებიდან) ვეძახი. იმედი მაქვს მინო რაიოლა დე ლიხტს კიდევ რამდენიმე წელი გააჩერებს ტურინში. მას უამრავი შესაძლებლობა აქვს. ჯერ მხოლოდ 22 წლის არის და ასეთ დონეზე თამაშობს.“
დე ლიხტი „იუვენტუსში“
22 წლის მცველი ტურინულ გრანდს 2019 წელს „აიაქსიდან“ შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე დე ლიხტმა „ბებერ ქალბატონის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 84-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი