სამგურალის გეგმები |  სტადიონის განათება, საფარის გამოცვლა და ბილეთები
Aa
Aa

სამგურალის გეგმები | სტადიონის განათება, საფარის გამოცვლა და ბილეთები

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, წყალტუბოს სამგურალის პრეზიდენტმა, მიხეილ იაშვილმა კლუბის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და გულშემატკივრისთვის სიახლეებიც დაანონსა.

სულ მალე, წყალტუბოს 3 000 გულშემატკივარზე გათვლილი, რეაბილიტირებული 26 მაისის სახელობის სტადიონი ექნება.

მიხეილ იაშვილი:

სტადიონის კეთილმოწყობის პირველი ეტაპი დასრულების ფაზაშია. მიმდინარეობს სტადიონის შემოღობვა, მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება, დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება. შემდეგი ნაბიჯი განათების გაკეთება იქნება. როცა პირველი ეტაპი საბოლოოდ დასრულდება ჩვენ წყალტუბოში გვექნება საკმაოდ ლამაზი  სტადიონი, რომელიც 3 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

მინდორი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ამ საკითხის მოწესრიგებაზეც ვმუშაობთ. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საუბარი ქალაქის ხელმძღვანელობასთან მქონდა. 2020 წლის იანვარ–თებერვალში დავიწყებთ მინდვრის გამოცვლის პროცედურებს და მომავალ წელს გვექნება სრულიად ახალი მოედანი. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ამის გამო რამდენიმე ტურის მატჩი სხვა სტადიონზე ჩავატაროთ. 

ზოგადად, მინდვრების მდგომარეობა საკმაოდ პრობლემატური თემაა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უდიდესი სამუშაო ჩაატარა და თითქმის ყველა რეგიონში გააკეთა ახალი სტადიონი. მაგრამ აქ მთავარი მარტო გაკეთება არაა, მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოუვლი სტადიონს. ფედერაციის მიმართ მადლობის მეტი რა გვეთქმის, 2 წლის წინ დაგვიგო მოედანი, მაგრამ მოვლის მხრივ გვქონდა პრობლემები, რამაც მოედანი დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა... ვფიქრობთ, რომ ეს ეტაპიც გავიარეთ, მეტი გამოცდილება მივიღეთ და შესაბამისად, ახალ მოედანს უფრო მეტად მოვუვლით და შევეცდებით, რომ მრავალი წლის განმავლობაში კარგ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ.

ვფიქრობთ, რომ ფედერაციასთან თანამშრომლობით შევძლებთ ისეთი პროექტის გაკეთებას, რომელიც UEFA-ს სტანდარტების შესაბამისობაში იქნება. ეს სტადიონის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზე მოხდება. პირველ რიგში მნიშვნელოვანია მოედნის მოწესრიგება და განათების დამონტაჟება. შემდეგ ეტაპზე გასახდელების და პრესლოჟის საკითხსაც მოვაგვარებთ. როცა ამ სამუშაოებსაც დავასრულებთ, ჩვენ გვექნება უეფას მეორე კატეგორიის სტადიონი. შემდეგ აქ ასაკობრივ ნაკრებებსაც შეეძლებათ თამაში, საქართველოს ქალთა ნაკრებსაც დავუთმობთ სტადიონს.

აქვე, მინდა დავაანონსო – დიდი ალბათობით, როგორც სხვა ცივილურ ქვეყნებში ხდება, მომდევნო წლიდან სტადიონზე მოხდება ბილეთების გაყიდვა. შევეცდებით, რომ ბილეთების თანხა გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. მინდა, რომ ჩვენმა ქომაგმა სწორად გაგვიგოს – თითოეული ლარს, რომელიც ბილეთის გაყიდვით შემოგვივა სტადიონის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მივმართავთ, ასევე, აღნიშნული თანხა გუნდსაც მოხმარდება. ჩვენთვის თითოეული გაყიდული ბილეთი აღქმული იქნება, როგორც გულშემატკივრის გვერდში დგომა, - იაშვილის კომენტარს სამგურალი ავრცელებს.

წყალტუბოს ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია 2018 წელს განხორციელდა. ტრიბუნების, ლოჟების, სარბენი ბილიკებისა და სველი წერტილების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 458 000 ლარი გამოიყო, ხოლო სხვა საჭირო ვალდებულება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაფარა.

მაშინ სამგურალმა საშინაო შეხვედრები ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართა.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული, 30 ტურის შემდეგ, სოსო ფრუიძის წყალტუბოს სამგურალს 36 ქულა აქვს და საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს.

ფოტოები: საფეხბურთო კლუბი სამგურალი

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები