Aa Aa
19 ოქტომბერი 2021  |  17:32

აღმასკომის სხდომა - საანგარიშო სესია 17 დეკემბერს ჩატარდება

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი ძირითადი საკითხი.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ტოკიოში ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა და შესაბამისი სპორტული ფედერაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს სპორტსმენების შედეგების შესახებ.

საქართველოს სპორტსმენთა გამოსვლა ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე შეფასდა წარმატებულად. ტოკიოში გამართულ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიელთა მიერ ნაჩვენებია ისტორიული შედეგი-ოქროს 2, ვერცხლის 5 და ბრინჯაოს 1 მედალი, რაც საუკეთესო შედეგია ოლიმპიურ თამაშებში დამოუკიდებელი გუნდით მონაწილეობის პერიოდში. სეოკ-ის აღმასკომმა განსაკუთრებულად გამოყო საქართველოს ძიუდოისტების და ძალოსნების მიერ ნაჩვენები მაღალი სპორტული შედეგები.

აღინიშნა სეოკ-ის შესაბამისი სამსახურების, ოლიმპიურ სახეობათა სპორტული ფედერაციების, მწვრთნელების და სამედიცინო ჯგუფის მიერ გაწეული შრომატევადი და ნაყოფიერი საქმიანობა ლიცენზიანტი სპორტსმენების მზადების პროცესის, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ფორმირებისა და აკრედიტაციის, ეფექტური სამედიცინო მომსახურების, ტესტირებისა და ვაქცინაციის, სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველსაყოფად.

სეოკ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ტოკიოში გაცილებისა და ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული საზეიმო ცერემონიების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის, მიესალმა მთავრობის გადაწყვეტილებას მედალოსან სპორტსმენთა ფინანსური ჯილდოების სოლიდურად გაზრდის თაობაზე.

ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის (პეკინი, 2022 წლის თებერვალი) მზადების მიმდინარეობის შესახებ სეოკ-ის აღმასკომს ინფორმაცია მიაწოდეს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ზამთრის სპორტის სახეობების კურატორმა მამუკა ხაბარელმა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ჩვენმა მოციგურავეებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს და ოთხივე დისციპლინაში მოიპოვეს ოლიმპიური ლიცენზიები. ახლა მთავარია ჩვენს ლიცენზიანტ სპორტსმენებს მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შევუქმნათ ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 41-ე სემინარზე (24-25 ნოემბერი, სლოვაკეთი) საბოლოდ დამტკიცდება III ევროპული თამაშების პროგრამა და მონაწილეობის რეგლამენტი, აღმასრულებელმა კომიტეტმა მიწანშეწონილად ჩათვალა დღის წესრიგში შეტანილი საკითხის განხილვა სეოკ-ის აღმასკომის მომდევნო სხდომაზე.

ოლიმპიური მოძრაობის ხელშემწყობი ფონდის შექმნასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის წინაშე წარსადგენ წინადადებათა პაკეტის შესახებ აღმასკომს ინფორმაცია მიაწოდეს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტებმა - ნინო სალუქვაძემ და მამუკა ხაბარელმა.

ოლიმპიური სოლიდარობის 2021-2024 წლების პროგრამების შესახებ აღმასრულებელ კომიტეტს ინფორმაცია წარუდგინა სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა.

აღმასკომის დადგენილებით, რეკომენდაცია მიეცათ სპორტის ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციებს სეოკ-ის შესაბამისი სტრუქტურის მეშვეობით, მწვრთნელების, მსაჯების, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მაქსიმალურად გამოიყენონ სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის შესაძლებლობები.

დღევანდელ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე განისაზღვრა სეოკ-ის საანგარიშო სესიის მოწვევის თარიღი, დამტკიცდა საანგარიშო სესიის დღის წესრიგი და განისზაღვრა სამუშაო რეგლამენტი. სეოკ-ის მოქმედი წესდების VIII თავის I მუხლის შესაბამისად სეოკ-ის საანგარიშო სესია ჩატარდება 2021 წლის 17 დეკემბერს.

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტი იტოვებს უფლებას სესიის ჩატარების თარიღისთვის ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და შესაბამისი მარეგულირებელი სტრუქტურების დამატებითი რეგულაციების გათვალისწინებით, სესიის წევრებს შესთავაზოს სესიის ჩატარების ალტერნატიული ფორმა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage