„მწარე, მაგრამ მნიშვნელოვანი გაკვეთილი მივიღე
Aa
Aa

„მწარე, მაგრამ მნიშვნელოვანი გაკვეთილი მივიღე" - კვეკვესკირმა განცხადება გაავრცელა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ნიკა კვეკვესკირმა სანაკრებო პაუზამდე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „კვეკვემ“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე „სთორი“ გამოაქვეყნა და ქომაგებს მიმართა.

„ამ მომენტისთვის ადამიანთა უმეტესობას აქვს ინფორმაცია ჩემი ბოლოდროინდელი დაუფიქრებელი ქმედებების შესახებ, რომლებმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. ეს დღეები ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გახლდათ. ყველა, ვინც მიცნობს, იცის, რომ თითოეული ნაბიჯის გადადგმისას დიდ სიფრთხილეს ვიჩენ და ჩემს იმიჯზე, კარიერასა და ოჯახზე ვზრუნავ. ეს ჩემთვის მწარე, მაგრამ მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო. ყველაფერი ხელახლა შევაფასე და გავაცნობიერე ჩემი ოჯახი და გუნდი ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანია... და რამდენად დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ლეხის რიგებში თამაში.

მინდა, ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემი ქმედებების გამო იმედი გაუცრუვდათ. პირველ რიგში, გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბს, ქართველ ქომაგებს, ჩემს ოჯახსა და განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ვგულისხმობ, რომლებსაც კარგ მაგალითს უნდა ვაძლევდე. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელიც ამ რთულ პერიოდში გვერდით დამიდგა. და ბოლოს, ჩვენს ქომაგებს ვპირდები, რომ წლეულს გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილის შესატანად 2-ჯერ უფრო თავდაუზოგავად ვიმუშავებ და მოედანზე ნაჩვენები ჩემი გამოსვლის დახმარებით ვეცდები, ეს ინციდენტი წარსულში დავტოვო. შესაძლოა, ყველაფერი ისე ვერ გადმოვეცი, როგორც მინდოდა, რომ მეთქვა, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ჩემი ქმედებები, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, ხმამაღალი და ყველასთვის გასაგები იყოს“.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში „კვეკვე“ ავტოავარიაში მოყვა. ქართველი ფეხბურთელი ავტომობილის მართვისას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, ორი მანქანა დააზიანა და პოლიციამ მართვის მოწმობა ჩამოართვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები